ქეთევან ციხელაშვილი - არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია

არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე კომისიის შექმნასა და სოფელ წნელისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ციხელაშვილი მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმს ამის არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია.

„განცხადებას, რომელიც გაკეთდა არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე, რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია, ამიტომ ამას სხვაგვარად ვერ განვიხილავთ, თუ არა პროვოკაციულ განცხადებას“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხზე გუშინ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც იმსჯელეს.

„გუშინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 44-ე რაუნდზე ეს იყო განხილვის ერთ-ერთი თემა და რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ის, რომ ამას არ მოჰყვეს რაიმე ტიპის პროვოკაციული ქმედება, რაც გაართულებდა უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ მავთულხლართებისა და შეზღუდვების კომისიების ნაცვლად, სჯობს, პირველ რიგში, მუგუთის, წნელისის, არცევის, იკორთას, აბრევის, ორჭოსანის, წინაგარისა და სხვა ბევრი სოფლის მოსახლეობას მოვუსმინოთ, სადაც ოსებიც და ქართველებიც ურთულეს მდგომარეობაში არიან და გადაადგილების თავისუფლებას ითხოვენ. ამის ნაცვლად კი მავთულხლართებს იღებენ. ეს არის მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ სჯობს, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ გამოსავალზე, მითუფრო, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა მნიშვნელოვან და კონკრეტულ ინიციატივებს მოიცავს მოსახლეობისათვის რთული მდგომარეობის შემსუბუქების თაობაზე და ზოგადად, ვიმოძრაოთ იქითკენ, რომ მოიხსნას დაბრკოლებები და გვქონდეს ქვეყანა, სადაც მოსახლეობას შეეძლება ცხოვრება მავთულხლართების გარეშე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში შექმნილია ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია, რომლის წევრის და დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი "სამხრეთ ოსეთის" „საზღვრებში“ არ მოხვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს