სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36 394-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36 394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, მათ შორის, დაახლოებით 75% (27 143) გამართული იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, 5 953-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ განმეორებით გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო 243 მათგანი დამატებით იქნა დახარვეზებული.

უწყების ცნობით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8 532 იურიდიული პირების საკუთრებაშია.

ცნობისთვის, 2018 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოქმედებს ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით.

ასევე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.