ეკა ბესელია - „ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება

„ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, რომელი სამინისტროები გაერთიანდება, გუნდში ჯერ გადაწყვეტილება მიღწეული არ არის. "ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები დავიწყეთ პრემიერ-მინისტრთან, ბიუროს უმრავლესობის ფორმატში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ძალიან საინტერესო დისკუსია გავხსენით გუნდის შიგნით, რომელიც ეხება სწორედ იმ სტრუქტურულ ცვლილებებს და კონცეპტუალურ საკითხებს, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ პარლამენტში ისაუბრა სასესიო ფორმატში; ეს ეხება დაგეგმილ შესაძლო ცვლილებებს და პირველ რიგში, ვისაუბრეთ სწორედ საკანონმდებლო დონეზე რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და რატომ. დღეს ეს დისკუსია არ დასრულებულა და უბრალოდ, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის დონეზე ამ სამინისტროების თუ უწყებების შესაძლო გაერთიანების თაობაზე.

რადგან დასრულებული არ არის კონსულტაციები და ხვალაც გაგრძელდება ამავე ფორმატში, პრემიერ მინისტრთან ერთად, საბოლოოდ დღეს ნუ დავსვამთ წერტილს და როცა კონსულტაციები დასრულდება, ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას. ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციით სვლა, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს. ბუნებრივია, უფრო შინაარსობრივი და ჩაღრმავებული მსჯელობა გვაქვს ამ საკითხებზე, რომელიც ჯერ ვერ ამოიწურა და ვერ დასრულდა. კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება. შესაძლოა შემდეგაც იყოს დამატებითი დრო საჭირო",- აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, პირველი ეტაპი იქნება მთავრობის სტრუქტურული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც მოკლე დროში უნდა მომზადდეს. "მთავრობასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენც ვიქნებით ჩართული. ამის შემდეგ, როდესაც პარლამენტი მოკლე დროში იმსჯელებს, მოხდება სტრუქტურული ცვლილებები", - განაცხადა ბესელიამ.

კონსულტაციების დასრულებამდე ეკა ბესელია კონკრეტულ სამინისტროებს, რომელთა შერწყმაც იგეგმება, არ ასახელებს. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის კონკრეტულ წევრებზე დღეს მსჯელობა არ გამართულა.

უმრავლესობის წევრების და მამუკა ბახტაძის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულდა - პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს