ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2018

11 სამინისტროც შეიძლება შეამცირონ

კეზერაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ხორავას ქუჩის საქმეზე ჩვენებას მისცემს

* * *

11 სამინისტროც შეიძლება შეამცირონ

"14 სამინისტროს 11-მდე შემცირებაზე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან უკვე დაიწყო ახალმა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა "ოცნებაში" ჯერ ისევ გაურკვევლობაა, 6 სამინისტროს გაერთიანების გარდა, კიდევ რამდენ სამინისტროში უნდა მოხდეს ცვლილება - რომელი კონკრეტული სამინისტროს კონკრეტული ფუნქცია გადაეცემა სხვას. ასევე, უცნობია, ახალ კაბინეტში ვინ დარჩება და ვინ წავა. უკვე ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამინისტროების შემცირებასა და ფუნქციების გადანაწილებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ ხუთშაბათს პარლამენტში უნდა წარადგინონ. ითქვა ისიც, რომ წელს არც კადრები შემცირდება და არც - ხარჯები", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 11 სამინისტროც შეიძლება შეამცირონ / სამინისტროების შემცირებით წელს არც კადრები შემცირდება და არც ბიუროკრატიული ხარჯები.

"როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, ხარჯები არ გაიზრდება, რაც უკვე კარგია. არც მასობრივი დათხოვნა იქნება, მხოლოდ ცოტას გაუშვებენ. გუშინ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობას ოფიციალურად შეუდგა და ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაც გამართა მთავრობის ოპტიმიზაციის საკითხზე. "ქართული ოცნების" ოფისში 3-საათიან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე არ დასწრებია. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ "ოცნების" დეპუტატები აცხადებდნენ, რომ სამინისტროების შემცირებაზე იმსჯელეს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და ხვალაც. ოთხშაბათისთვის კი ყველაფერი უკვე ცნობილი იქნება. აღნიშნავდნენ იმასაც, რომ სამინისტროების შემცირება თანამშრომლების შემცირებას არ გამოიწვევს. წინასწარი ინფორმაციით, 6 სამინისტროს გაერთიანება იგეგმება: იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის სახით უერთდება სასჯელაღსრულების სამინისტრო; განათლების სამინისტროს უნდა შეუერთდეს კულტურისა და სპორტის სამინისტრო - სპორტი და კულტურა 2017 წლის ნოემბერში გაერთიანდა. უქმდება დევნილთა სამინისტრო, ნაწილი - ინფრასტრუქტურისა და ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ სამინისტროების გაერთიანების იდეას ადასტურებს აკაკი ზოიძე, თუმცა ამბობს, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა და გუშინ, კონსულტაციების პირველ დღეს, განიხილეს, მაგრამ რამდენი სამინისტრო დარჩება მთავრობაში, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ზოიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ცვლილება სხვა სამინისტროებსაც შეეხოს, მომავალი სავარაუდო მინისტრების ვინაობაზე რაიმე სახის განხილვას კი არ ადასტურებს. "საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას. ცვლილებებს ვიხილავთ მხოლოდ ერთი კუთხით. ამიტომ არ ყოფილა არც პიროვნებებზე საუბარი, არც იმაზე, ვინ იქნება მინისტრი. ძირითადი ამოცანა არის ის, რომ მოქალაქემდე მივიდეს ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს - შემწეობა, პენსია, ახალი სკოლა, ახალი საბავშვო ბაღი და ა.შ. ძირითადი ამოცანაა, რომ მოქალაქემ მეტი სარგებელი მიიღოს, უფრო სწრაფად რომ შემცირდეს კორუფციის რისკი და მთავრობა ეფექტიანი იყოს. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება", - ამბობს ზოიძე. მისი თქმით, თვითმიზანი არ არის არც 11, არც 10 და არც 9 სამინისტრო და რომ შესაძლოა, არა მარტო 6 სამინისტრო გაერთიანდეს, არამედ სხვა სამინისტროებსაც შეეხოს ცვლილება", - დასძენს გამოცემა.

"ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ რიცხვი შემცირდება. შეიძლება ფუნქციები გარკვეული სამინისტროებიდან სხვაგან გადავიდეს. ამ ეტაპზე კადრები არ შემცირდება, თუმცა არც ადმინისტრაციული ხარჯი გაიზრდება. წელს ადმინისტრაციული ხარჯი უკვე შევამცირეთ 100 მილიონით და მომავალ წელს ამ ხარჯს არ გავზრდით, რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მთავრობის ზომა შემცირდება გაცილებით, როგორც უკვე ითქვა, 4,3%-იდან 3,9%-მდე, ამით საკმაოდ დიდი თანხა დაიზოგება და ხარჯები გადანაწილდება უფრო მიზნობრივად, უფრო სხვა საჭიროების მიხედვით. თანამშრომლები მაქსიმალურად შენარჩუნდება. აქ საუბარია, რომ მასობრივი დათხოვნა არ იქნება, მაგრამ პროფესიონალების გადანაწილება, ნაწილის დაწინაურება და ნაწილის ჩამოქვეითება ყველა ვარიანტში მოხდება. ანუ ერთი, რომ მასობრივი დათხოვნა არ იქნება, მეორე - 100 მილიონით რომ შევამცირეთ წინა წელთან შედარებით, ეს ხარჯები შემდეგ წელს არ გაიზრდება, როგორც იზრდებოდა მთელი წლების განმავლობაში. როდესაც 5%-ით იზრდებოდა წლის ბიუჯეტი, 5%-ით იზრდებოდა შესაბამის სამინისტროების ბიუჯეტი და ეს არ მოხდება, მინიმუმ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

"ოცნების" დეპუტატები არ საუბრობენ, 3 კვირის შემდეგ ახალ მთავრობაში რამდენი ძველი მინისტრი დაჩება და რამდენი იქნება ახალი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჯერ შეთანხმდებიან და გვარებს პრემიერი გაახმაურებს. კულუარული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მოლაპარაკებას მართავს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებთან და, "ქრონიკის" ცნობით, გამორიცხული არ არის, ფინანსთა მინისტრი აშშ-დან მოიწვიონ", - წერს სტატიის ავტორი.

კეზერაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ხორავას ქუჩის საქმეზე ჩვენებას მისცემს

"პარლამენტში ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიამ იმ პირთა სია გაახმოვანა, რომელთა დაკითხვასაც აპირებს. მათ გარდა, რომელთა კავშირზე საქმესთან საზოგადოებას, დიდი ხანია, ესმის, სიაში ფიგურირებს ივანე ნაკაიძის სახელიც, რომლის დაკითხვა საგამოძიებო კომისიამ მირზა სუბელიანთან და საქმის წარმოებაში ჩართულ სხვა პირებთან ერთად გადაწყვიტა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვინ არის ივანე ნაკაიძე, რა შეხებაშია ამ საქმესთან და რატომ არაფერი იცოდა საზოგადოებამ ამ დრომდე მის შესახებ? ივანე ნაკაიძის სახელი 2016 წელს გამოქვეყნებულ "პანამა ფეიფერსის" დოკუმენტებში ფიგურირებს. ის სხვა ქართველი მილიონრებისა და მილიარდერების მსგავსად ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიების მეწილეა - პანამის დოკუმენტებში დასახელებულია AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ის წარმომადგენლად, რომელსაც, ამავე დოკუმენტებზე დაყრდნობით, დავით იაკობაშვილი ფლობს და წილის მფლობელად SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ში. აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტში სწორედ ამ კომპანიის - SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ის ყოფილ მფლობელად მითითებულია დავით კეზერაშვილი, 2016 წლის მდგომარეობით, თანამფლობლად კი ასევე დავით იაკობაშვილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, კეზერაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ხორავას ქუჩის საქმეზე ჩვენებას მისცემს / ვინ არის ივანე ნაკაიძე და რა კავშირი აქვს მას ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის გახმაურებულ მკვლელობასთან

"ოფიციალურად ივანე ნაკაიძე საქართველოში 2013 წლიდან თემურ იაკობაშვილის ბიზნესის, მულტიფუნქციური ჰოლდინგ Petrocas Energy Group-ის წარმომადგენელი და გენერალური დირექტორია, რომელიც კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ნავთობის ტრანზიტზე, დისტრიბუციასა და ვაჭრობაზეა ორიენტირებული და სხვა დაკავშირებულ კომპანიებს ფლობს - მათ შორის გალფს (სანპეტროლიუმ ჯორჯია), ასევე "ჩენელ ენერჯის", რომელიც ფოთის ტერმინალ ჰოლდინგის მესამედი წილის მფლობელია. კეზერაშვილის ბიზნესკომპანიების მეწილე იაკობაშვილი 2011 წლიდან გახდა, 2013-ში კი, როდესაც კეზერაშვილი ქვეყნიდან გაიქცა და მოგვიანებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, იაკობაშვილმა და ნაკაიძემ ეს ბიზნესები მთლიანად გადაიბარეს. ივანე ნაკაიძე, რომელიც ამჟამად პარლამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული, 2009 წლის 30 იანვარს დაინიშნა ჰოლდინგ Rylf Management-ის წარმომადგენლად საქართველოში. Rilf Management SA 2008 წელს პანამაზე რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის მფლობელობაშიც სხვა ქართული კომპანიები შედიან. ეს სწორედ ის ჰოლდინგია, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში დავით კეზერაშვილის მფლობელობაში მოიაზრებს. 2016 წელს გამოქვეყნებული "პანამა ფეიფერსის" დოკუმენტების მიხედვით, დასტურდება, რომ კომპანიის წარმომადგენელი იოსებ მგელაძეა - სწორედ ის პირი, ვინც 2012 წლამდეც იყო კეზერაშვილთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიზნესკომპანიების დირექტორი, წარმომადგენელი, მმართველი და ა.შ", - აღნიშნავს გამოცემა

"ივანე ნაკაიძე კეზერაშვილის ბიზნესებს წარმოადგენდა 2012 წლამდე. შემდეგ, როგორც ირკვევა, თავადაც გახდა ამ ბიზნესების მეწილე და დღესაც წარმოადგენს იმავე ბიზნესებს იაკობაშვილის ჰოლდინგის ქვეშ. ბიზნესები, რომელთანაც ნაკაიძე კავშირშია 2009 წლიდან, არა მხოლოდ ქვეყნის უმსხვილეს ეკონომიკურ აქტივებს მოიცავს, არამედ ასევე ფლობდა წილებს მედიასაშუალებებში და იყო ამ მედიების აქტიური დამფინანსებელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში გავლენიანი ადამიანები იკვეთებოდნენ. მედიაში გამოქვეყნდა ფოტოც, სადაც ამერიკაში მოღვაწე პროდუსერი სერგი ნაკაიძე ბერა ივანიშვილთად ერთად იყო ასახული და მედია წერდა, რომ სერგი ნაკაიძე ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებული იმ პირის ბიძაა, რომელიც მიიმალა. ფოტოზე ასახული სერგი ნაკაიძე კი სწორედ ივანე ნაკაიძის ძმაა, რომელიც დღემდე საქართველოში კეზერაშვილის აწყობილ უმსხვილეს ბიზნესებს წარმოადგენს. უკვე ცნობილია, რომ გამოძიებას ემალება სწორედ ბრალდებული გ.ჯ., რომელიც მაისში პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა პროკურატურის მოთხოვნილი ბრალისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით", - განაგრძობს გამოცემა

"საგამოძიებო კიმისიის თავმჯდომარე და "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "რეზონანსთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ საგამოძიებო კომისია დაკითხავს ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძას - ივანე ნაკაიძეს. რატომ გახდა საჭირო ამ პირის დაკითხვა და ფიგურირებს თუ არა მისი სახელი საგამოძიები მასალებში, ან რა შეხება შეიძლება ჰქონდეს მას საქმესთან, კაპანაძე გვპასუხობს, რომ მათთან მისული მასალების მიხედვით, ამ პირის მიმართ კომისიის წევრებს კითხვები გაუჩნდათ, შესაბამისად, ნაკაიძეს პასუხის გაცემა მოუწევს. რა შინაარსისაა ეს კითხვები, დეპუტატი არ აკონკრეტებს. კაპანაძე ამბობს, რომ ყველას, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდება, კომისია დაიბარებს. ხოლო რაც შეეხება მოწმის მეგობრობას დავით კეზერაშვილთან, რომელიც მათი გუნდის წევრი იყო, ეს კომისიის მუშაობასა და კითხვების შინაარსზე გავლენას ვერ მოახდენს, კომისიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისი მეგობარი და ახლობელია. მისი თქმით, ეს გარემოება კომისიის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. "ივანე ნაკაიძის დაკითხვა მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიები მასალებში მოცემული გარემოების გამო გადავწყვიტეთ. ეს ადამიანი საქმესთან გარკვეული სახის შეხებაშია. ვერ გეტყვით, რა სახის კითხვებს დავუსვამთ, ეს უკვე კომისიის გადასაწყვეტია. "რაც შეეხება იმას, რომ ნაკაიძე და კეზერაშვილი წარსულში ბიზნესპარტნიორები იყვნენ, ეს არაფერს ცვლის. ჩვენ მისი დაკითხვა ამის გამო არ გადაგვიწყვეტია. მისი სახელი საგამოძიებო მასალებში ფიგურირებს და ამიტომ გვინდა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მივიღოთ."რა თქმა უნდა, ვერ დაგიკონკრეტებთ, რა შინაარსის კითხვებს დავუსვამთ. მისი დაკითხვის ზუსტი დღე და რიცხვი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის აუცილებლად დაიკითხება", - დასძენს გამოცემა

"ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანე ნაკაიძის დაკითხვა თავად კომისიამ გადაწყვიტა. მისი თქმით, ნაკაიძე გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს. ის გამოძიების პერიოდში დაკითხულიც არ ყოფილა. ადვოკატი ამბობს, რომ კომისია თავად წყვეტს, ვინ და რატომ დაკითხოს, ნაკაიძის დაკითხვას კი მიესალმება. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებზე შესაძლო წნეხის ფაქტზე ნაკაიძე სამომავლოდაც გამოძიებისთვის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს."ივანე ნაკაიძის დაკითხვა კომისიის გადაწყვეტილებაა. ჩვენ მის დაკითხვაზე კომისიისთვის რეკომენდაცია არ მიგვიცია. თუმცა მიმაჩნია, რომ იგი, შესაძლოა, მოწმეთა ზეწოლის ფაქტზე გამოძიებამაც დაკითხოს. ვერ გეტყვით, რა კონკრეტული კითხვები შეიძლება კომისიას მისი მისამართით გაუჩნდეს. ეს პიროვნება გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს და აქამდე დაკითხული არავისგან ყოფილა. არ ვიცი, რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს. თუმცა ვვარაუდობ, რომ მან საქმის ირგვლივ ბევრი რამ იცის, რაც ყველასთვის საინტერესო ინფორმაცია იქნება. რაც შეხება თქვენს კითხვას, რომ ნაკაიძე და მისი ძმა კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორები იყვნენ, ამას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. "რეზონანსი" ამ საკითხზე ხორავას საქმეში ბრალდებული გ.ჯ.-ს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს დაუკავშირდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, არის თუ არა ივანე ნაკაიძე კომისიის მიერ დაკითხვაზე დაბარებული და მას ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო. იგი ვერც იმას ვარაუდობს, რატომ შეიძლება ბრალდებულის ბიძით კომისია დაინტერესებულიყო, რადგანაც ის გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს.

აშკარაა, რომ ივანე ნაკაიძის ფიგურის გამოჩენა საქმეს უფრო ართულებს - დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალული ბრალდებულის - გ.ჯ-ს ბიძა საქართველოს ახლო წარსულში ყველაზე გახმაურებული და დანაშაულებრივი გზებით შექმნილი ბიზნესის წარმომადგენელი, კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი და ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელი უმდიდრესი ქართველია. საპარლამენტო კომისიის მიერ მისი დაკითხვაზე დაბარება მოწმობს, რომ ხორავას ქუჩის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. კითხვას, შეძლებენ თუ არა წარსულში მასთან ფინანსურ კავშირში მყოფი პარლამენტარები ასეთი გავლენიანი ფიგურის როლის ობიექტურად გამოძიებას, პასუხი ახლო მომავალში გაეცემა", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა