ზაზა სარალიძე - ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი მოზარდებთან და რასაც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე

ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი მოზარდებთან და რასაც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე. მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ ამ ორიდან, დ.ნ-ს და დ.ღ-ს ვგულისხმობ, რომელიმეს უნდა ჰქონოდა იარაღი, რაშიც შემდეგ დავრწმუნდი. ამაში ჩემი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ დამარწმუნა. რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა წინააღმდეგობას გავუწევდი“, - განაცხადა ზაზა სარალძემ.

ირაკლი აბესაძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ინფორმაცია, გარკვეული მტკიცებულება ჩანაწერის სახით, ხომ არ ყოფილა შეთავაზება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, რომ ისინი ოფიციალურად დაკითხავდნენ ამ საკითხზე და იყო თუ არა მზად ჩვენება მიეცათ საგამოძიებო ორგანოებისთვის და მათ შორის, წარედგინათ ეს ჩანაწერი, სარალიძე აცხადებს, რომ მისთვის ეს არ შეუთავაზებიათ.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ასეთი რამ. ერთადერთი მეუბნებოდნენ, რომ კანონდარღვევაა. დაკითხული ვარ, მაგრამ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც „რუსთავი 2"-ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შესაძლებლობა დავებარებინე და დავეკითხე, მაგრამ არავის დავუბარებივარ. ჩანაწერის დისკი მოტანილი მაქვს და გიტოვებთ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აღნიშნულ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, ზაზა სარალიძემ გადასცა თუ არა გამოძიებას ჩანაწერი, რომელიც მან და ზვიად კუპრავამ გააკეთეს.

"კუპრავას მიერ გაკეთებული ჩანაწერი ახსენეთ. თქვენ თქვით, რომ გამოძიება არ დაინტერესდა და "რუსთავი 2"-ზე გავიდა ამ ჩნაწერის ნაწილი. ეს ჩანაწერი თქვენ მიაწოდეთ გამოძიებას?", - მიმართა მდინარძემ სარალიძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

"მე და კუპრავამ ერთად ჩავწერეთ. კუპრავას ვთხოვე და ჩავწერეთ. მე რატომ უნდა მიმეწოდებინა გამოძიებისათვის თვითონ თუ არ მომთხოვა. აღარ ვენდობოდი პროკურორებს. ჩემი გადაწყვეტილება ის იყო, რომ წეღან რომელი ბავშვებიც დავასახელე, მქონდა ინიციატივა, რომ ჩამეწერა კიდევ სხვები და შემეჯამებინა შემდეგ რა იქნებოდა და ვინ რას ისაუბრებდა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.