სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია გაამტყუნა, ზურაბ ჯამალაშვილი კი გაამართლა

სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვის საქმეზე ბრალდებული ორი პირი, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია გაამტყუნა, ხოლო ზურაბ ჯამალაშვილი გაამართლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გელა ღურწკაიასა და ირაკლი ფხალაძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ორივე ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე სამართალდამცველებმა პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით, 2016 წლის მარტში დააკავეს. მათ ბრალად საზოგადოებისათვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მოპოვება და შენახვა ედებათ. მათთან ერთად საქმეზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვებასა და შენახვაშია ბრალდებული კიდევ ერთი პირი გელა ღურწკაია. კიდევ ორ ბრალდებულს, ნიკოლოზ ხაჭაპურიძესა და ინგა ჩატოიანს კი საქმის სასამართლო განხილვებისას დანაშაულის აღიარების გამო საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.