პროფკავშირების გაერთიანება ტყიბულის შახტში მომხდარზე ჩატარებულ მოკვლევაში ნახსენებ „ადამიანურ ფაქტორზე“ განმარტებას აკეთებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ტყიბულის მინდელის შახტში ჩატარებული კვლევის დეტალების გახმაურების შესახებ, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს ეხმაურება. პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, ჟურნალისტების მხრიდან არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ აზრი გააჩინა, რომ თითქოს პროფკავშირების გაერთიანება 2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიაში მუშებს ადანაშაულებს.

პროფკავშირების გაერთიანება ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულ მოკვლევაში ნახსენებ „ადამიანურ ფაქტორზე“ განმარტებას აკეთებს.

„განზრახ თუ უნებლიეთ, დაზარალებულთა ოჯახებისთვის, ჟურნალისტების მხრიდან არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ გააჩინა აზრი, თითქოს პროფკავშირების გაერთიანება მუშებს ადანაშაულებს 2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიაში, რომლის შედეგადაც 6 მეშახტე დაიღუპა და 3 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ აცხადებს - კვლევა იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა გამოიწვია არა ბუნებრივმა მოვლენამ, არამედ ადამიანურმა ფაქტორმა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადამიანურ ფაქტორში იგულისხმება არა მუშების გადაცდომა, (როგორც ეს უკვე გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე არაერთხელ ითქვა) არამედ მენეჯმენტის მიერ დარღვეული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები, რის გამოც მომსწრენი გავხდით არაერთი ფატალური შემთხვევისა ბოლო წლებში.

ჟურნალისტებს მოვუწოდებთ - ასეთი სენსიტიური თემების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და გამწარებული ოჯახების გაღიზიანების ნაცვლად მათი სწორი ინფორმირება უზრუნველყონ.

აქვე ვაცხადებთ, რომ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ველოდებით კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენას საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან - თუ ვინ აძლევდა მეშახტეებს განკარგულებებს მიწის ზემოდან, ვინ და რატომ გასცა საამფეთქებლო მასალები და რატომ მოხდა ადამიანების მასის კონცენტრირება ერთ კონკრეტულ (აფეთქების) ადგილზე.

კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მიღებული მასალებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ სს"საქნახშირის" ინტერესშიც უნდა იყოს, რომელსაც ამ მომენტშიც კი აქვს რესურსი გამოკვეთოს ისინი“, – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა