მიხეილ სააკაშვილის პარტია - პოროშენკოს წინააღმდეგ საქმეში ბრალდებამ ძირითადი მტკიცებულება - სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების დოკუმენტების ორიგინალები დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელზე მიმდინარე საქმეში ბრალდების მხარემ ძირითადი მტკიცებულება - მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დოკუმენტების ორიგინალები დაკარგა.

ამის შესახებ სააკაშვილის პარტიის, „ახალი ძალების“ პრესსამსახური იუწყება.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ძირითადი მტკიცებულების სახით წარადგინა ანკეტა - მოქალაქეობის მიღების განაცხადი - ყალბი ანკეტა ყალბი ხელმოწერით, რის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვითხოვეთ წარედგინათ ოდესის ოლქში მუშაობის პერიოდში სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ორიგინალები, თუმცა ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები დაიკარგა“, - აცხადებენ „ახალი ძალების“ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ სარჩელი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხება.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა, რომელშიც პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობას ითხოვს.