ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების ამოცანაა არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ პროტესტის ჩახშობა და ხელისუფლების გაძლიერება

ხელისუფლების ამოცანაა არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ პროტესტის ჩახშობა და ხელისუფლების გაძლიერება, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ნინო ბურჯანაძე ასევე გამოეხმაურა მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას, რომელიც მან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

„როგორ შეიძლება პროკურორი გუგუშვილი, თუნდაც ერთი საათით დარჩეს თანამდებობაზე, მას შემდეგ რაც შვილმკვდარ მშობელს ემუქრება, თუ კიდევ ბევრს ილაპარაკებ, იმათაც გამოვუშვებთ გარეთ, ვინც დავიჭირეთო?! ის პროკურორი უკვე აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებიდან პოლიტიკური პარტიების გათიშვას, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელისუფლება მარტო დარჩენას აიძულებს, რადგან ხელისუფლებას ეშინია პოლიტიკური პარტიების გააქტიურების.

„ბატონი სარალიძის გადასაწყვეტია ვის გვერდზე დადგება და ვის გვერდზე არა. მე პირადად სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციაზე ჩემს შვილებთან და თანაგუნდელებთან ერთად მივედი, რადგან შვილმკვდარმა მამებმა მოგვიწოდეს ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკოსს მივსულიყავით მათ მხარდასაჭერად. პირადად სარალიძესთან არც მაჩალიკაშვილთან მე შეგნებულად არ მივედი, რადგან ან მას ან სხვას არ ჩაეთვალა, რომ პოლიტიკურ ქულებს ვიწერდი. ვიდექი მოშორებით წვიმაში ღამის 12 საათამდე იმისთვის, რომ ამ ტრაგიკულ ადამიანებს თავი მარტო არ ეგრძნოთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ შვილმკვდარი მამები სამართალს დამოუკიდებლად, მარტო ვერ იპოვიან.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, პროკურორის დასჯა და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ის ვერ იქნება წარმატებული თავად პოლიტიკოსებისა და პროფესინალების ჩართვის გარეშე.

„თუ ზაზა სარალიძეს ურჩევნია, ჩვენ პოლიტიკოსები არ ვიყოთ ჩართულები ეს მისი გადასაწყვეტია. მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად არის ცხადი, რომ მარტო ვერც სარალიძე და ვერც მაჩალიკაშვილი სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლების ამოცანაა პროტესტის ჩახშობა და საკუთარი ხელისუფლების გაძლიერება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა