თსუ-სა და ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, მხარეები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევისა და სწავლების სფეროში ითანამშრომლებენ, ხელს შეუწყობენ აკადემიური და საგანმანათლებლო რესურსების გაცვლას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ცისკარიძემ და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ოლბანის ფილიალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლებმა, პროფესორებმა ჯეკ დეჰოვეციმ და ჯონ ჯუსტინომ.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, მემორანდუმი მრავალმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს.

„ძალიან კმაყოფილები ვართ, ვინაიდან ასეთი მემორანდუმის ხელმოწერით ერთობლივი კვლევებისა და პროგრამების განხორციელების ძალიან ფართო შესაძლებლობები გვეხსნება. ეს კი საქართველოს სინამდვილეში უნიკალურია“, - აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლის, პროფესორ ჯეკ დეჰოვეცის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს ინფექციურ დაავადებათა კონტროლს როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად რეგიონში

„თანამშრომლობის განსამტკიცებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ქართული მმართველობის კუთხით. იმედი გვაქვს, ქართველი სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამის საფეხურიდან სადოქტორო პროგრამაზე გადასასვლელი ტრენინგების რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა ჯეკ დეჰოვეციმ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კვლევის, ლექციების და დისკუსიების გამართვა; აკადემიური მასალებისა და პუბლიკაციების გაცვლა; ერთობლივი კვლევების ჩატარება; სტუდენტების და კურსდამთავრებულების გაცვლა კვლევისა და სწავლებისათვის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა