“თიბისი ბანკმა” შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 120 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

„თიბისი ბანკმა“ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB ) 120 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, მოზიდული ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება „თიბისი ბანკის“ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას.

„ადგილობრივი ვალუტის რესურსი - 120 მლნ ლარი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული ობლიგაციების საჯარო განთავსების შედეგად მოიზიდა. საჯარო ობლიგაციის განთავსების მენეჯერი თიბისი კაპიტალი, "თიბისი ბანკის" შვილობილი საბროკერო კომპანია იყო. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე მასშტაბური საჯარო განთავსებაა საქართველოში, მათ შორის 2018 წლის განმავლობაში,“ - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2015 წლის შემდეგ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად „თიბისი ბანკისთვის“ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ვალუტაში უკვე მეორედ გასცა, რომლის ჯამურმა მოცულობამ 70 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.

„აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ინსტიტუციას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 2003 წელს დაწყებული პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისი ჯგუფზე“ ჯამურად 162 მლნ აშშ დოლარი გაიცა. დაფინანსების ადგილობრივ ვალუტაში მიღება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს რესურსი კლიენტებისთვის სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს „თიბისის“ პოზიციებს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით. ამასთანავე, ობლიგაციების გამოშვება ხელს შეუწყობს კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

როგორც შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა იჰსან უგურ დელიკანლმა აღნიშნა, აღნიშნული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, რუსეთის, საბერძნეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის თანამშრომლობით დაარსდა. BSTDB-ს მიზანია მის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა სესხების, საკრედიტო ხაზების, ინვესტიციებისა და გარანტიების გაცემის საშუალებით. ბანკის საწესდებო კაპიტალია 3.45 მილიარდი ევრო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა