მინსკში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-10 შეხვედრა გაიმართა

მინსკში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური დიალოგის რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, 2020 წლისთვის 20 შედეგის შესრულების პროცესზე, ასევე ევროკავშირის მრავალწლიანი ჩარჩოს (MFF) პრიორიტეტებზე და ევროკავშირის საგარეო ინვესტიციების (EIP) გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საკუთარ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „20 შედეგი 2020 წლისთვის“ სრულად ეხმიანება საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს და ისაუბრა მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესზე, როგორიც არის გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების განმტკიცება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

„20 შედეგი 2020 წლისთვის“ გეგმის მნიშვნელოვან მიღწევად დასახელებულ იქნა მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის სტუდენტებს სთავაზობს ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების მიღებას.

აღინიშნა ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს აქტიური ჩართულობა, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის ხელშესახები, პრაქტიკული შედეგების უზრუნველყოფას.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. მისი განცხადებით, საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის შესაძლებლობები, რამაც დადებითი როლი ითამაშა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს საქართველო ფოკუსირებულია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციასა და ამავდროულად, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის ამბიციური გეგმის შემუშავებაზე, რაც ითვალისწინებს ქვეყნის პრაქტიკულ მომზადებას ევროკავშირთან ინტეგრაციის საბოლოო მიზნისთვის.

შეხვედრაზე არაფორმალური დიალოგის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტით „20 შედეგი 2010 წლისთვის“ გათვალისწინებული კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივებზე ხელშესახები პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში მონაწილეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დახმარების განსხვავებული ინსტრუმენტის საჭიროებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების უზრუნველყოფას. ამასთან, აღინიშნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების აუცილებლობა, მდგრადი განვითარების მისაღწევად.

არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო ვახშამი, სადაც მხარეებმა იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობა ასევე მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-კრისტოფ ბელიარმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფორმატი ჩამოყალიბდა 2013 წელს ევროკავშირის ინიციატივით და ითვალისწინებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი მინისტრების შეხვედრების გამართვას, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველომ ამ პერიოდში არაფორმალურ დიალოგს ორჯერ (2013 და 2015 წწ.) უმასპინძლა.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება