ლევან დადუნაშვილის დედა - დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სასამართლოზე იყო მხოლოდ ვარაუდები, რაც მიუღებელია, როდესაც საქმე ორი 16 წლის ბიჭის მკვლელობას ეხება

დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სასამართლოზე იყო ვარაუდი - „ვარაუდი, ვარაუდი, ჩემი ვარაუდი“ - ეს ისმოდა მხოლოდ, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განაცხადა.

საყვარელიძის თქმით, მისთვის მიუღებელია ვარაუდებით საუბარი, როდესაც საქმე ორი 16 წლის ბიჭის მკვლელობას ეხება.

„როდესაც ორი თექვსმეტი წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე მოდიხარ, არ შეიძლება ვარაუდის დონეზე ილაპარაკო. რაღაც კონკრეტულად უნდა თქვა. „სასიკვდილო ჭრილობებთან დაკავშირებით კატეგორიულად გამოვიცხავ დანას, ნაჩხვლეტ, ნაკვეთ ჭრილობას, სავარაუდოდ არის მაკრატელიო“, - აი, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება და უნდობლობა. სხვა რაღაცებსაც არ ვეთანხმები, ორგანოების განლაგებასთან დაკავშირებითაც არ დავეთანხმე. იქ თქვა, რომ ვერ ვიგებ, რატომ არის სამი ორგანო ერთი დარტყმით დაზიანებულიო. ამასაც არ დავეთანხმე. ასევე არ დავეთანხმე, როდესაც თქვა, რომ ჭრილობა არის დახურული ტიპის და იქიდან არ შეიძლებოდა სისხლი გადმოსულიყოო. გარკვეული დროის შემდეგ მოსამართლისგან წამოვიდა შეკითხვა, რომ ნაკვეთ-ნაჩხვლეტს არ მიეკუთვნება, რა ტიპის ჭრილობას მიეკუთვნება მაკრატელი და გარკვეული დუმილის შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტმა უპასუხა, რომ მიეკუთვნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტ ჭრილობას“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიმართ მისი და დაზარალებული ოჯახის უნდობლობის მიზეზები დადუნაშვილის ადვოკატმაც განმარტა. „ჩემი დამოკიდებულება კიდევ უფრო არასანდო გახდა ამ ექსპერტის მიმართ, როდესაც ის ყველა ტელევიზიაში დადიოდა და თავისი დასკვნის სისწორეს ადასტურებდა. როდესაც ექსპერტმა გასცა დასკვნა და სასამართლოში მისცა ჩვენება, იქ უნდა დამთავრებულიყო მისი აქტივობა“, - განაცხადა იზო მაღლაკელიძემ.

ადვოკატის თქმით, შემდეგ მაია ნიკოლეიშვილმა თავადვე დაადასტურა ბოლო პერიოდში, რომ საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც მისივე შეფასებით, დამატებით კვლევას საჭიროებდა და მის კომპეტენციას სცდებოდა. „შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, რომ არ გამოიყენა მისი დასკვნა, როგორც მტკიცებულება და არ გაიზიარა, სადაც ის ამბობდა, რომ საერთოდ სასიკვდილო ჭრილობებზე არ იყო დანა გამოყენებული. ალბათ, ეს დასკვნა რომ გამოეყენებინა, ორივე ბრალდებული გამართლდებოდა, ლევან დადუნაშვილის ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბრალდებული ადასტურებდა, რომ ლევანის წინ იდგა და მის მიმართ გამოიყენა დანა“, - განაცხადა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო