ზაზა ვაშაყმაძე ვატიკანის ელჩს, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და ვატიკანის ელჩის, ჟოზე აველინო ბეტანკურის შეხვედრა გაიმართა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში წმინდა საყდრის სადესპანოს მდივანი, მიხაიტა ბლაჟი და სააგენტოს წარმომადგენლები ნინო ჭავჭავაძე და სერგო ფარულავა.

შეხვედრაზე ვატიკანის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ვატიკანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განსაკუთრებულ პატივს სცემს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, აქტიურად თანამშრომლობს ქართულ სახელმწიფოსთან.

ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა ქართველი კათოლიკეების მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფოს აღმშენებლობასა და ქართულ კულტურაში. მან საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ვატიკანსა და პირადად რომის პაპს, ფრანცისკეს, საქართველოს მხარდაჭერის, არაღიარების პოლიტიკისათვის და აღნიშნა, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვატიკანსა და რომის პაპს დიდი ავტორიტეტი აქვთ, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე - რიგით მოქალაქეებშიც. სააგენტოს თავმჯდომარემ გაიხსენა სააგენტოს თანამშრომელთა 2014 წლის ვიზიტი რომში, შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან და ორ მნიშვნელოვან მოღვაწესთან, ინტერრელიგიური დიალოგის პონტიფიკალური საბჭოს ხელმძღვანელ, კარდინალ ჟან ლუი ტორანთან და საკანონმდებლო ტექსტების პონტიფიკალური საბჭოს მდივან, ეპისკოპოს ხუან იგნასიო არიეტასთან.

ვატიკანის ახალ ელჩს კათოლიკური ეკლესიის მხარდასაჭერად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები გააცნეს. 2014 წლიდან დღემდე, საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფომ კათოლიკურ თემს გადასცა 2 მლნ 300 000 ლარი. სააგენტოს უშუალო ჩარევით, მოიხსნა რუსთავში მშენებარე კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი, ტაძარი აშენდა და სახელმწიფო მისი საზეიმო გახსნისათვის ემზადება.

ვატიკანის ელჩმა წამოაყენა წინადადება ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. ზაზა ვაშაყმაძემ დაადასტურა თანამშრომლობის დიდი სურვილი და მხარდაჭერა აღუთქვა ვატიკანის ელჩს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს