ეკა ბესელია - თუკი ირაკლი ქადაგიძის და ზაზა ჭაიას დახმარება გიგა ბოკერიას სჭირდება, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა საგამოძიებო კომისიის სახელით

“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ექსპერტის სტატუსით ირაკლი ქადაგიძისა და ზაზა ჭაიას მოწვევა კამათის და ხანგრძლივი დისკუსიის საგანი გახდა.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ კომისიის წევრებს მიმართა, რომ მათ მოწვევაზე პასუხისმგებლობა “ევროპულ საქართველოს“ აეღო და საკითხი კენჭისყრის გზით გადაწყვეტილიყო. როგორც ბესელიამ განმარტა, თუკი კომისია ექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს, ამის თაობაზე კომისიის ყველა წევრმა უნდა იცოდეს და მათი მოწვევის გადაწყვეტილებაც კენჭისყრით იყოს მიღებული.

“კომისიის თავმჯდომარემ ექსპერტად ჭაია და ქადაგიძე მოიწვია, რომელთა გვარებიც კარგად იცის საზოგადოებამ. მათი მოწვევის თაობაზე ჩვენ - კომისიის წევრები ინფორმირებული არ ვიყავით. ამავე დროს, კომისიამ ისეთი ექსპერტები უნდა მოიწვიოს, რომელთაც შეუძლიათ კომისიას ღირებული და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარეს ასეთი გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არა აქვს. მას შეუძლია თავის დამხმარედ ვინც უნდა ის მოიწვიოს, მაგრამ თუკი ასეთ პირებს კომისიის სახელით იწვევს, მინიმუმ ეს საკითხი კომისიის სხდომაზე უნდა დაისვას. პროცედურა პირდაპირ ადგენს, რომ ასეთ საკითხებს კომისია წყვეტს. მე არ ვიცი ჭაია და ქადაგიძე რით შეიძლება დაეხმარონ კომისიის წევრებს. თუ ეს დახმარება სჭირდება გიგა ბოკერიას ან ვინმეს სხვას, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით. ჩვენ ამ ადამიანების დახმარება ნამდვილად არ გვჭირდება. ძალიან პრინციპულია კომისიამ ისეთი ექსპერტები მოიწვიოს, რომელთა მიმართ სულ მცირე, მძიმე კითხვები არ არსებობს. ჩვენ წლების განმავლობაში ასეთი ადამიანების გამო ვიდექით ქუჩაში, როდესაც ძალადობას, ადამიანების ჩაგვრასა და უფლებების ფეხქვეშ გათელვას ვაპროტესტებდით, რადგან ასეთი ხალხი იყო შს სამინისტროს სისტემაში. თუკი კომისიას ასეთი ექსპერტები სჭირდება, ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ და მათმა თანაგუნდელებმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ ჟურანლისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირაკლი ქადაგიძე იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა