თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, თბილისის ბიჭუნათა კაპელის და ახალგაზრდული გუნდის კონცერტს დაესწრო.დედაქალაქიის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერიის #1 ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიება პროექტ “თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში ჩატარდა.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტში მონაწილეობის მიღება ყველა მუსიკოსს შეუძლია. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მხრიდან მათ მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ. „თბილისის ცის ქვეშ” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც წელს დავიწყეთ. გვინდა, ზაფხულის თვეებში დედაქალაქში სიცოცხლე იგრძნობოდეს. ყოველი კვირის უქმეებზე ქალაქში არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები და თბილისელებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ კონცერტები, ნახონ სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები. დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის დაქვემდებარებაში არსებული ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის კონცერტი გაიმართა და ვფიქრობ, მართლაც სასიამოვნო გარემო შეიქმნა. ეს პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსი იქნება ჩართული. ჩვენ ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავისი ნიჭი გამოავლინოს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ უკვე ერთი თვეა წარმატებით მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ბაღებში, სკვერებში, ქუჩებში, პარკებში, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ხვალ და ზეგ ასევე ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს: ღია კინოთეატრი, Tbilisi Open Air, ასევე, გორის ქალთა გუნდი გამართავს საოცარ კონცერტს 9 აპრილის ბაღში. კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ და ყველას შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ თბილისის ცის ქვეშ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ახალი პლატფორმის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქში იმართება კონცერტები, საგანმანათლებლო ლექციები, გამოფენები. ეწყობა თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალები.

ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ახალი პლატფორმის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება