სოფო კილაძე - პარლამენტში შემოვიდა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ რიგი ზომები იქნება გატარებული

პარლამენტში შემოვიდა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ რიგი ზომები იქნება გატარებული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც მისი ინიციატივით საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ქალთა უფლებები და პოლიტიკური გაძლიერება - მიზეზები, შედეგები და გამოსავალი“.

სოფო კილაძემ ქალთა უფლებებისა და მათი პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე, ასევე, საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ქალის და დედის კულტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს კულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ქალის მნიშვნელობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ხშირად ვხვდებით ფაქტებს, როდესაც ოჯახებში გოგონებს დაბრკოლება ექმნებათ ისწავლონ, განვითარდნენ და წარმატებული ქალები იყვნენ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი განცხადებით, ქალები ქვეყანაში დოვლათის ნახევარზე მეტს ქმნიან.

„თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკაში თანამდებობებზე იგივე პროპორციით ვერ ვხედავთ ქალებს, რა პროპორციითაც მუშაობენ და ეკონომიკურ დოვლათს ქმნიან“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების 30% ქალი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტის წევრების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელზეც ყურადღებას ჯერ კიდევ მე-12 საკუკუნეში ამახვილებდა რუსთაველი, პოლიტიკაში და, ზოგადად, წამყვან თანამდებობებზე უნდა გავრცელდეს კერძო თუ სახელმწიფო სექტორში.

სოფო კილაძემ ისაუბრა, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებზეც.

„ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ქალთა მიმართ ძალადობა, ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მისაღები. სახელმწიფომ აქტიურად უნდა იბრძოლოს ამის წინააღმდეგ. პარლამენტში შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ რიგი ზომები იქნება გატარებული. პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობებს, პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

დეპუტატის თქმით, ქალებმა უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ძალადობის შემთხვევაში დასახმარებლად აუცილებლად სახელმწიფოს უნდა მიმართონ.

მისი მოსაზრებით, ეს არის თემა, რომელსაც მთელი საზოგადოების განვითარებაზე ექნება სერიოზული გავლენა.

„ოჯახებში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას აქვს ადგილი, იზრდებიან ბავშვები და უყურებენ ამ უსამართლობას მაშინ, როდესაც ბავშვები უნდა იზრდებოდნენ თანასწორობისა და ტოლერანტობის სულისკვეთებით. სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, შვედეთის, ფინეთის მაგალითზე ემპირიული კვლევებით დადასტურებულია, რომ იქ, სადაც ქალებზე არ ძალადობენ, იქ, სადაც ქალები პოლიტიკაში სრულფასოვნად მონაწილეობენ, საზოგადოება გაცილებით სწრაფად მიდის წინ და ქვეყანაში უფრო მეტი დოვლათი იქმნება“, -განაცხადა სოფო კილაძემ.

ღონისძიებაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის პროგრამის უფროსმა ოფიცერმა თეონა ყუფუნიამ.

შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო თემატურ შეკითხვებზე მიეღო პასუხები სპიკერებისგან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს