კახა კალაძე - მცირე მთავრობის კონცეფციას მივესალმები, ეს საშუალებას მოგვცემს ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები და მოქნილები

მე მივესალმები მცირე მთავრობის კონცეფციას, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები და მოქნილები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მცირე მთავრობის კონცეფციას მე მივესალმები, თუმცა, მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი აწარმოებს მოლაპარაკებებს თუ როგორ, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს ცვლილებები და უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღეს საღამოსაცაა შეხვედრა და ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება. როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი ცხადი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხადაც კი კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

„ცვლილებებს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება და იმსჯელობა არასწორი იქნება. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს სახელმწიფო მდივანზეც, იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდება. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, მცირე მთავრობას მე მივესალმები. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები, უფრო მოქნილები გადაწყვეტილების მიღებისას. ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის რეფორმები, რომელიც მამუკა ბახტაძის მხრიდან იყო გაჟღერებული. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეფორმები, სწრაფი განვითარება, წინსვლა და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა