ვალერიან გორგილაძე - მივესალმები მამუკა ბახტაძის იდეას, რომ ბიუროკრატიის ხარჯი უნდა იყოს ფიქსირებული და მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე

საშინაო პოლიტიკაში აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, ახლა როცა ქუჩის აქციებისა და მმართველ გუნდში შიდა გარჩევების შემდეგ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გადამდგარია, ქვეყანას ახალი პრემიერი და დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელიც 3 კვირაში შეიცვლება, ყველაზე აქტუალური თემაა თუ როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა.

ახალი პრემიერ-მინისტრი მმართველ გუნდთან სტრუქტურულ ცვლილებებსა და „მცირე მთავრობის“ კონცეფციაზე კი მუშაობს, მაგრამ ვიდრე ამ თემებზე პასუხები თავად პრემიერსა და მმართველ გუნდს არ აქვთ, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება და რა სტრუქტურილი ცვლილებები განხორციელდება, სრული სურათის წარმოდგენა ჭირს.

არც კულტურისა და განათლების სამინისტროების, ასევე იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების იდეა გამოიყურება სრულყოფილად, ისევე როგორც მტკიცება იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება შეუძლებელია.

თქვენ როგორ შეაფასებდით, იმ წინადადებებს, რომლებზეც ახალი პრემიერი და მმართველი გუნდი სამინისტროების გაერთიანებასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე საჯარო სივრცეში საუბრობენ?

- ე.წ „მცირე მთავრობის“ კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურული ქვეგანაყოფების მექანიკურ შემცირებას. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს პირველ რიგში მთავრობის და საერთოდ ბიუროკრატიის ეფექტიანობის გაზრდას და ამავე დროს ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. მოგეხსენებათ, პარკინსონის კანონის თანახმად, ბიუროკრატია ზრუნავს საკუთარ გამრავლებაზე. ჩინოვნიკი ყოველთვის პოულობს მიზეზს გაიჩინოს მრავალრიცხოვანი ხელქვეითი, გააფართოოს იერარქია და ყველა ახალ ჩინოვნიკს საქმე გაუჩინოს (იქაც, სადაც ამის მოთხოვნილება არაა). თუ ბიუროკრატიას წინააღმდეგობა არ შეხვდა, ბიუროკრატია გაიზრდება და იქცევა მონსტრად, რომელიც ყველაფერს "გადაყლაპავს".

ჰოდა, სანამ ბიუროკრატია არ იქცა ამ მონსტრად საჭიროა მისი მორჯულება. ამასთან დაკავშირებით მე მივესალმები მამუკა ბახტაძის იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუროკრატიის ხარჯი უნდა იყოს ფიქსირებული და მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე - ასე ბიუროკრატიას კონსტიტუციურად არ მიეცემა უსასრულო და უაზრო ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც უფრო დიდია ბიუროკრატია, მით უფრო მეტად მას უჩნდება სხვადასხვა რეგულაციების, შეზღუდვების დაწესების სურვილი. ჩვენს ქვეყანას კი, სჭირდება ფორსირებული, სწრაფი განვითარება, რომელიც მიუღწეველია გამრავლებული, გაზულუქებული, ინერტული ბიუროკრატის პირობებში, რომლის საქმიანობაც ხშირად ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ამდენად, იგივე პარკინსონის მიხედვით, რაც უფრო მცირეა ბიუროკრატია, მით უფრო მცირეა რეგულაციების და შეზღუდვების რაოდენობა და მით უფრო მობილურია და ეფექტიანია ის!

- სტრუქტურულ ცვლილებებზე ბევრი საუბრის მიუხედავად, „ქართული ოცნება“, რომლის მმართველობის პირობებში სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა რიცხი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, ნეპოტიზმზე არა მარტო რეგიონებში, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე საკმაოდ ბევრი კრიტიკა ისმის, სერიოზული სტრუქტურული ცვლილებების მოლოდინი წარმოუდგენელიც კი ჩანს.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რა ტიპის და რა სერიოზული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას ურჩევდით ხელისუფლებას?

- რჩევას უნდა იძლეოდეს ის, ვისაც გააჩნია სათანადო კომპეტენცია ამ ტიპის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში, მე უბრალოდ გამოვთქვამ ზოგიერთ მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ გარკვეული მიმართულებებით სავსებით შესაძლებელია პროექტ - მენეჯმენტის რეჟიმის დანერგვა, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა პრიორიტეტული მიმართულებების გამოყოფა სხვადასხვა პოლიტიკებში და მათი ეფექტიანი განხორციელება, როდესაც ნათელი იქნებოდა ვინ არის პასუხიმგებელი კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე.

თუ ბიუროკრატიას წინააღმდეგობა არ შეხვდა, ბიუროკრატია გაიზრდება და იქცევა მონსტრად, რომელიც ყველაფერს "გადაყლაპავს".

ეს სისტემა შეიძლება დაინერგოს სპორტშიც, კულტურაშიც, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სხვა მიმართულებებით. ასე, ჩემი აზრით, მოხდებოდა საბიუჯეტო სახსრებისა და ბიუროკრატიის შენახვაზე განსაზღვრული სხვა თანხების შემცირება. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების გატანა აუთსორსინგზე ანუ ამ სერვისების განკერძოება. ამასთან ერთად, სახელმწიფომ ალბათ უნდა გადახედოს პოლიტიკას საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ-ისა) და არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების ა(ა)იპ-ის მიმართებაში. ცნობილია, რომ ამ ტიპის 80-მდე ორგანიზაცია არსებობს და მათში დასაქმებული თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 30 ათას ადამიანს შეადგენს. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს მხოლოდ ის სსიპ-ი ან ა(ა)იპ-ი, რომელიც, ფასიანი სერვისების მეშვეობით, თავის თავს ინახავს.

- ბახტაძის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივებმა დატოვა განცდა, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა დამძიმებული სოციალური ფონი. სხვაგვარად, პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის და ახალი სასწავლო წლიდან 7 ათასი მასწავლებლისთვის ხელფასის გაზრდა არ იკითხება.

არც იმაზეა საუბარი, რომ „სიღარიბის დაძლევა მცირე ბიზნესის წახალისებაზე გადის“ და „სოფლის მეურნეობაში არსებული რეგულაციები ხელს არ უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას“. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ახალი პრემიერის მიერ გაჟღერებულმა სამოქმედო გეგმების პრიორიტეტების ჩამონათვალმა?

- ახალი პრემიერის მიერ გახმოვანებული ინიციატივები, მის მიერვე წარმოდგენილი „მცირე მთავრობის“ კონცეფცია, ჩემი აზრით, უნდა იყოს განხილული იმ ფუნდამენტური მნიშვნელობის რეფორმებთან ბმაში, რომლის ინიცირება მოახდინა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრად ყოფნის დროს. საბანკო რეგულაციები, საბუღალტრო წარმოების გამარტივება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების შემცირება, ინტენსიური საქმიანობა ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ადრე არ შეეძლო კრედიტის მოპოვება იმისთვის, რომ წამოეწყო საკუთარი საქმე. ყველაფერი ეს ბმაშია ერთმანეთთან. მამუკა ბახტაძეს გააჩნია თავისი ფილოსოფია, რომლის თანახმადაც შეუძლებელია წარმატებული, განვითარებული სახელმწიფოს შექმნა, თუკი ამ სახელმწიფოს არ გააჩნია სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობაზე აგებული ფუნდამენტი. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და სადაც ასე ხდება ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი მიმართულებით. მაგალითად, ერთხანს ანგოლა აჩვენებდა 20%-იან ეკონომიკურ ზრდას, ამის მიუხედავად მისი მოსახლეობის სიღარიბე სულ უფრო ღრმავდებოდა და მეტად ინტენსიური ხდებოდა, მაშინ როდესაც მმართველი კლანი სულ უფრო მდიდრდებოდა. ცნობილია ასევე, რომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს 40 მილიარდ დოლარზე მეტი ქონება აღმოუჩნდა, რომელიც მან მოიპოვა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეგვიპტის ეკონომიკა მისი მმართველობის პერიოდში რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ ამ ზრდის ძირითად დივედენდებს მხოლოდ მმართველი ელიტა იღებდა, ეგვიპტეს მოსახლეობა კვლავ ებრძოდა სიღარიბეს.

ჩვენთან არის შექმნილი ვითარება, როდესაც დემოკრატია უსწრებს ეკონომიკას, ეკონომიკა აჩვენებს საკმაოდ მაღალ ზრდის ტემპებს, ხოლო მისი ძირითადი დივიდენდებით სარგებლობს არა ბიუროკრატია ან საშუალო ბიზნესი, არამედ ბანკები და მსხვილი ოლიგოპოლიები.

მივესალმები მამუკა ბახტაძის იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუროკრატიის ხარჯი უნდა იყოს ფიქსირებული და მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე - ასე ბიუროკრატიას კონსტიტუციურად არ მიეცემა უსასრულო და უაზრო ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობა

ამ თვალსაზრისით, ერთნაირად ზარალდება ყველა, - სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმებული. მაგრამ, სახელმწიფო სექტორში არის რამდენიმე პროფესიული სტრატა, რომელსაც ახასიათებს განსაკუთრებული რისკი და დაუცველობა. ამ პროფესიულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან მეხანძრეებიც და პოლიციელებიც, მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს ასევე მიეკუთვნებიან მასწავლებლები და პენსიონერები. ამდენად, მამუკა ბახტაძემ თავის გამოსვლაში გამიზნულად, გააზრებულად გაამახვილა ყურადღება ამ სამიზნე ჯგუფებში. გასაგებია, რომ ამ ინიციატივების შედეგად არ უნდა ველოდოთ ამ ჯგუფების სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას, მაგრამ ეს იყო ბახტაძეს სიგნალი, მინიშნება იმაზე, რომ მისი პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სამართლიანი, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასთან ერთად იქნება ორიენტირებული ქვეყნის შემოსავლის სამართლიან განაწილებაზე.

- ფინანსთა მინისტრად მუშაობისას პრემიერი ბახტაძე შეეცადა ბანკების საქმიანობაში შეეტანა მნიშვნელოვანი კორექტივები. ბევრი იმასაც კი პროგნოზირებს, რომ ახალ პრემიერსა და ბანკირებს შორის ურთიერთობების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იქნება.

როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, „ჭარბვალიანობა ახრჩობს მოსახლეობას. ე.წ. შავ სიაში 630 ათასი ადამიანია.“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად საშუალო ფენა არ არსებობს. რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ ახალი პრემიერი ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს?

- საქმეც ისაა, რომ საბანკო სექტორი დღეს მართლაც იქცა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭად და ძირითად ფაქტორად, რომელიც აფერხებს ჩვენს საზოგადოებაში შემოსავლების სამართლიან განაწილებას. თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში არის 600 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც არის შესული ბანკების ე.წ შავ, პრობლემური გადამხდელების სიაში. ამას ემატება ისიც, რომ დასაქმებულების უდიდესი ნაწილი არის გაბმული ბანკების ხაფანგში. ჩვენს ირგვლივ დასაქმებული ადამიანების 70%-ზე მეტს აქვს აღებული სამომხმარებლო, იპოთეკური თუ სხვა სახის კრედიტები და სესხები. ლარის დევალვაციამდე ამ ხალხს უწევდა გარკვეული თანხის შეტანა კრედიტის დასაფარად, ლარის დევალვაციის შემდეგ მათ მნიშვნელოვნად გაუძვირდათ კრედიტის მომსახურება. სწორად ეს არის ჭარბვალიანობის პრობლემა, როდესაც კრედიტის მომხმარებელს უწევს თავისი ყოველთვიური ხელფასიდან 50%-ზე მეტის გადახდა კრედიტის დასაფარად.

მამუკა ბახტაძეს მოუწევს მძიმე ბრძოლა უსამართლობასთან, რაც ნიშნავს ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციას და წვდომას საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეეძლება ქონების ჩადების გარეშე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მაგალითად, წლიური 2-3%-იანი კრედიტის აღება ფინანსურ ინსტიტუციაში.

ჩვენთან არის შექმნილი ვითარება, როდესაც დემოკრატია უსწრებს ეკონომიკას, ეკონომიკა აჩვენებს საკმაოდ მაღალ ზრდის ტემპებს, ხოლო მისი ძირითადი დივიდენდებით სარგებლობს არა ბიუროკრატია ან საშუალო ბიზნესი, არამედ ბანკები და მსხვილი ოლიგოპოლიები

- კვირიკაშვილს ბევრი იმას საყვედურებდა, რომ იგი ღარიბაშვილის მსგავსად მმართველი პარტიის ლიდერი ვერ გახდა.

ხელისუფლების ოპონენტები ახალ პრემიერზე საუბრისას ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ვიდრე საქართველოს პოლიტიკურ მოედანზე ივანიშვილია, მმართველი გუნდი მის გარეშე სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ და ვერ იღებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს შანსი მამუკა ბახტაძეს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი გახდეს?

- მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მეშვეობით არსებითად ხსნის ამ მანამდე არსებულ დუალისტურ აუცილებლობას, როდესაც ქვეყნის პრემიერი აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმავდროულად პარტიის ლიდერიც. მამუკა ბახტაძის წინაშე დგას რამდენიმე სერიოზული გამოწვევა, მას მოუწევს გარდატეხის შეტანა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მივესალმები მმართველ ელიტაში ამგვარი ფუნქციების და კომპეტენციების გადანაწილებას.

- მიიჩნევა, რომ ივანიშვილმა პრემიერად მამუკა ბახტაძე იმის გამო შეარჩია, რომ დამძიმებულ სოციალურ ფონზე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.

სულ ცოტა ხნის წინ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას მოიაზრებდა. თქვენი დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის შერჩევისას რატომ გააკეთა არჩევანი მამუკა ბახტაძეზე და არა გიორგი გახარიაზე? იმის გამო ხომ არა, რომ უკანასკნელ დღეებში გახარიამ ლიდერის ხასიათი გამოავლინა...

- მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ვარაუდებზე, მით უფრო, რომ მსგავსი ტიპის ინსაიდერულ ინფორმაციას არ ვფლობ. მე შემიძლია გამოვთქვა ვარაუდი თუ რატომ აირჩია მმართველმა გუნდმა, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე და არა სხვისი კანდიდატურა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილია, რომ ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ უკვე განახორციელა მთელი რიგი ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა მოწონება, მათ შორის, მოხდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.

ეს ინიციატივებია: 1. სესხის გაცემისას შემოსავლების სავალდებულო შემოწმება და ამავდროულად სესხის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტის განსაზღვრა, რათა მომხმარებელმა კრედიტის გადახდა მარტივად შეძლოს. 2. სესხების რესტრუქტურიზაცია, თუკი მომხმარებელს წარსულში სესხი მაღალ პროცენტში ჰქონდა აღებული, რეფორმის შემდეგ მისი საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება და არსებულ ლიმიტს დაექვემდებარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჭარბვალიანობის შემცირებას. 3. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 1 იანვრამდე მომხმარებელს სესხის დაახლოებით 300%-ის გადახდა უწევდა, ამ დროიდან შემოღებული კანონის შედეგად კი ეს მაჩვენებელი 100 %-მდე დავიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რეგულაცია ამოქმედდება, საპროცენტო მაჩვენებელი 49%-ს აღარ გადასცდება ანუ მომხმარებელს მინიმუმ 6-ჯერ ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს 2017 წლამდე ხდებოდა.

მამუკა ბახტაძეს მოუწევს მძიმე ბრძოლა უსამართლობასთან, რაც ნიშნავს ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციას და წვდომას საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეეძლება ქონების ჩადების გარეშე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მაგალითად, წლიური 2-3%-იანი კრედიტის აღება ფინანსურ ინსტიტუციაში

აღნიშნული რეფორმა პირდაპირ არის მიმართული ჭარბვალიანობის შემცირებისთვის და მიუხედავად კომერციული ბანკების მცირე ნაწილის მძლავრი წინააღმდეგობისა, მას დადებითად აფასებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s. ამასთან ერთად, ბახტაძეს, ჩემი ინფორმაციით, აქვს ძალზედ ამბიციური გეგმები განათლების სისტემის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ყოველივე ამას სჭირდება გაფართოებული მანდატი, მმართველი გუნდის სრული კონსოლიდაცია დასახული მიზნების მისაღწევად. ამიტომაც, ეკონომიკის ფორსირებული ზრდა, დოვლათის და შემოსავლების სამართლიანი გადანაწილება, განათლების რეფორმა, ფინანსური კაპიტალის ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად ყველაზე რელევანტურ და ლოგიკურ კანდიდატად აღმოჩნდა მამუკა ბახტაძე.

- საჯარო სივრცეში შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია საკმაოდ სოლიდურად კი გამოიყურება, მაგრამ, სამწუხაროდ, კრიმინოგენული ვითარება სულ უფრო მძიმდება, ფაქტია. ზოგის მტკიცებით, კრიმინალი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

საქმეში ჩახედული ხალხი მიიჩნევს, რომ გახარიამ შს მინისტრობას იმის გამო ვერ გაართვა თავი, რომ იგი პრემიერობისთვის ემზადებოდა, რის გამოც უწყებაში მისვლისთანავე წინა ხელისუფლების „გამოცდილ“ კადრებს დაეყრდნო, რომლებმაც მას სისტემიდან ისეთი კადრები გააშვებინეს, რომლებსაც წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და დანაშაულებში მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული.

მათივე მტკიცებით, შსს-ს ქვედა რგოლში უკმაყოფილება საკმაოდ დიდია და პოლიციელებისთვის 250 ლარით ხელფასის გაზრდა საქმეს ვერ უშველის.

მათივე აზრით, თუ მინისტრმა გახარიამ უწყებაში საკადრო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები არ განახორციელა, არაა გამორიცხული იგი მალე თავად დაემშვიდობოს თანამდებობას... თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება გახარიას მიმართ პრეტენზიები?

- მე არ მაქვს იმის განცდა, რომ გახარია ვერ ართმევს თავს შს მინისტრობას. მეტიც, ის ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება ამ პოსტზე. სტრუქტურული, საკადრო თუ სხვა სახის პრობლემები არსებობს ყველგან, მაგრამ, ჩემი აზრით, გახარია სარგებლობს მხარდაჭერით არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ შსს სისტემაშიც. მან გამოავლინა სიმტკიცე და მშვიდი გამბედაობა ქუჩის აქციების დროს, ის ძალიან კარგად და დამაჯერებლად გამოიყურება საჯარო სივრცეში. ცნობილია, ასევე, რომ გახარიას აქვს შემუშავებული და წარდგენილი შსს-ს რეფორმირების გეგმა, რომლის მიხედვითაც გაძლიერდა საგამოძიებო კომპონენტი, მოხდება ოპერატიული სამსახურების მხარდაჭერა და ამასთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სისტემაში არსებული ფუნქციების სტრუქტურულ გადანაწილებას.

2017 წლის 1 იანვრამდე მომხმარებელს სესხის დაახლოებით 300%-ის გადახდა უწევდა, ამ დროიდან შემოღებული კანონის შედეგად კი ეს მაჩვენებელი 100 %-მდე დავიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რეგულაცია ამოქმედდება, საპროცენტო მაჩვენებელი 49%-ს აღარ გადასცდება, ანუ მომხმარებელს მინიმუმ 6-ჯერ ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს 2017 წლამდე ხდებოდა

- არ ცხრება კამათი იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის ყოფნა-არყოფნის თაობაზე. ახლა როცა იუსტიციის სამინისტროსა და მართმლმსაჯულების სისტემის მიმართ პრეტენზიები საკმაოზე მეტია, ახალმა პრემიერმა წულუკიანი უნდა დატოვოს თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში?

- მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის მინისტრის მიმართ, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს იმის თქმას, რომ მას შეხვდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა იმ სისტემიდან, რომელიც თავისი არსით რეპრესიული იყო და რომელიც დიდწილად იმართებოდა იმ ისტიტუციების მეშვეობით, რომელთა ხელმძღვანელობაც უწევს დღეს თეა წულუკიანს. ამის მიუხედავად, წულუკიანს აქვს აქტივში წარმატებული მოქმედებები, მათ შორის საერთაშორისო სასამართლო პროცესებში. გარდა ამისა, თეა წულუკიანს გააჩნია პრინციპული და უკომპრომისო პოზიცია ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ჩემში იწვევს სიმპათიას.

- ვრცელდება ხმები, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში, კერძოდ, განათლების მინისტრად შეიძლება შეირჩეს პიროვნება, რომელიც უნივერსიტეტებიდან წინა ხელისუფლების დავალებით ხელისუფლებისათვის არასასურველი კადრების შევიწროებაში მონაწილეობდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ლოიალობის უზრუნველსაყოფად ხელისუფლება კადრებს იმის მიხედვით არჩევს, ვისაც, როგორც მინიმუმ, მორალური დანაშაული მაინც აქვს ჩადენილი. როგორც ჩანს, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულმა ვითარებამ ხელისუფლებას არც არაფერი ასწავლა. თქვენ ასე არ თვლით?

- მე არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია და შესაბამისად ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით.

- გვერდს ვერ ავუვლით უკანასკნელ პერიოდში ქუჩაში განვითარებულ პროცესებსა და მის შედეგებს. „ნაციონალები“ და მათთან დაახლოებული პარტიები აღარც მალავენ, რომ ქუჩის აქციების უკან ისინი იდგნენ.

როგორადაც არ უნდა იყოს, ფაქტია ისიც, რომ ამ აქციებმა შიდა პოლიტიკაში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ამ პროცესებს და მეორე მხრივ მის შედეგებს?

- გეთანხმებით, რომ უკანასკნელ დრომდე ქუჩის აქციებმა გამოავლინა ხელისუფლებაში არსებული პრობლემები. ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებს აქვს როგორც სისტემური, ასევე პერცეპციული ხასიათი. მაგალითად, სარალიძეს კრიზისმა, გვაჩვენა რომ სისტემური ხარვეზი არსებობს პროკურატურასა და სასამართლო სისტემებში. ამასთან ერთად, აღქმის დონეზე, სახელმწიფო მართვის სისტემა გამოიყურება ძალზედ არაეფექტურად, ის ტოვებს ტლანქი, ინერტული სისტემის შთაბეჭდილებას. ჩინოვნიკები, მათ შორის უმაღლესი რანგის, საუბრობენ გაუგებარ, არაფრის მთქმელ ენაზე, მათ უჭირთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ხელისუფლებას აკლდა შინაგანი დრაივი, ენერგეტიკა. ხელისუფლება არ იყო დამაჯერებელი. ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელიც დამაჯერებლად ურთიერთობდა მოსახლეობასთან კრიზისის დროს და გამონახა რელევანტური დისკურსი საპროტესტო აუდიტორიასთან, იყო გიორგი გახარია. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არსებობს მხოლოდ ოპოზიციის მახინჯი, დისკრედიტირებული, მარგინალური სიმულაკრი, რომელსაც სწორად, ამის გამო აქვს უნიკალური თვისება - ის აქრობს და კლავს ნებისმიერ სოციალურ პროტესტს, რომელსაც მიეკარება და რომლის გამოყენებასაც სათავისოდ ცდილობს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო