საქართველოს პარლამენტის წევრები ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, თეირანში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარესთან მოჰამედ რეზა ფურებრაჰიმისთან გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. 
ასევე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია ბიზნესის კეთების კუთხით, რაც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევებით არის დადასტურებული. 


მხარეების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 


შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის საპარლამენტო განზომილების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 



დღესვე საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან მასუდ ქარბასიანთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ენერგეტიკული პროექტებისა და სავაჭრო და სატრანზიტო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე წარიმართა. 



„ქართველი დეპუტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრს, ალი რაბიის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აბას ქეშავარზის შეხვდნენ. შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხებოდა მომდევნო მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განსახილველ სხვადასხვა პროექტებს, რაზეც კომისია წლის ბოლოს იმსჯელებს. 


ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკას. ირანის ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს ირანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირანულმა მხარემ ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში: ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს