გიორგი ჩერქეზიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ამოქმედდა კიდევ ერთი საწარმო, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, შპს “ანთ ჯგუფის“ ახალი საწარმო გახსნეს, რომელიც სასახურავე მასალების/ აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილებს აწარმოებს.

კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ახალი საწარმოს აშენება და მისი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვა შეძლო.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმოში 13 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება.

“შპს “ანთ გრუპ“-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ეკოლოგიურად სუფთა, საიმედო პროდუქცია, რის მისაღწევადაც წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება. კომპანია პირველივე წელს 3 333 911 ლარის პროდუქციის წარმოებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანია შეიქმნა ბათუმში, აჭარის რეგიონში, სადაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება მშენებლობა.

“კომპანიის ადმინისტრაცია გეგმავს სამომავლოდ საწარმოში დამზადებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია, რაშიც აუცილებლად დავეხმარებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება ფოკუსირებულია, რომ ბიზნესპროექტები სხვადასხვა სექტორებში განხორციელდეს. მისი თქმით, სასტუმრო კომპლექსების მიმართულების განვითარების გარდა, საჭიროა საწარმოები, რომელიც აწარმოებს, მათ შორის, სამშენებლო მასალებს.

“ჩვენი ეკონომიკა მზარდია. ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს რეგიონსა და ქვეყანაში. შესაბამისად, გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, მომავალ კვირას იგეგმება სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელობის შეხვედრა აჭარაში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ისინი მიიღებენ მეტ ინფორმაციას აღნიშნული პროგრამის შესახებ.

“შპს “ანთ გრუპი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ “აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 186 150 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა