ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2018

სანდრო თვალჭრელიძე - "ბახტაძესაც იგივე პრობლემა აქვს, რაც "ოცნების" ყველა პრემიერს ჰქონდა - ჰგონია, ქვეყნის მართვა იგივეა, რაც კომპანიის მართვა"

"ოცნება" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ლადო ჭანტურიას განიხილავს

დავით უსუფაშვილი - "აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას"

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - "ბახტაძესაც იგივე პრობლემა აქვს, რაც "ოცნების" ყველა პრემიერს ჰქონდა - ჰგონია, ქვეყნის მართვა იგივეა, რაც კომპანიის მართვა"

"ითქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არასაკმარის ტემპს უკავშირდება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რუსთაველის პროსპექტზე განვითარებული მოვლენები იყო ამ ცვლილებების მთავარი მიზეზი. გიორგი კვირიკაშვილი როგორი კარგი ადამიანიც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ძალოვან სტრუქტურებს ვერ აკონტროლებდა. ეს კარგად გამოჩნდა 2017 წლის მარტში ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლა და არეულობა. როდესაც ხორავას ქუჩის საქმის გამო გამართულ აქციაზე გიორგი კვირიკაშვილი მივიდა და მას სიტყვა არ მისცეს, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გადადგებოდა", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ბახტაძესაც ის პრობლემა აქვს, რაც ყველა პრემიერს ჰქონდა" / "ჩემთვის სრულიად მიუღებელია კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება, სპორტზე არაფერს ვამბობ, ის სამინისტროს გარეშეც შეიძლება არსებობდეს" / "თუ წულუკიანი მთავრობაში დარჩა, კვლავაც "მურუსიძის სამართალი" გვექნება და ამის შედეგს "ოცნება" 2020 წლის არჩევნებზე მოიმკის" / მიდგომა, რომ ყველას ჩამოვაწეროთ ვალები, უსამართლოა, რატომ უნდა ჩავაყენოთ პატიოსანი გადამხდელი არათანაბარ პირობებში?.

"თანამდებობიდან წასვლისას კვირიკაშვილმაც თქვა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელთან. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ღრმა იყო უთანხმოება, ამაზე მხოლოდ ხმები ვრცელდება. თუმცა პრემიერის რანგში კვირიკაშვილის ბოლო განცხადებისას მივაქციე ყურადღება, რომ მას სახელით და გვარით ბიძინა ივანიშვილი ერთხელაც არ უხსენებია, რაც გარკვეული ვარაუდის საფუძველს იძლევა. ჩემი აზრით, პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, როგორც ჩანს, მას ძალიან არ მოსწონდა ეს აქციები, შესაბამისად, კვირიკაშვილთან უთანხმოების მნიშვნელოვანი წილიც, ალბათ, ამაზე მოდიოდა. დანარჩენი უკვე პიარული სვლებია. ვერსია, რომ თითქოს კვირიკაშვილს ამ აქციებთან კავშირი ჰქონდა, არ მჯერა. ეს მხოლოდ ჭორებია, რათა ჩირქი მოსცხონ კვირიკაშვილს. დარწმუნებული ვარ, ჰარაკირის გაკეთება კვირიკაშვილს ნამდვილად არ უნდოდა. ახალ პრემიერ-მინისტრს არ ვიცნობ, არ ვიცი, რას წარმოადგენს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ცოტა გასაკვირია. აშკარაა, რომ `ქართულ ოცნებას~ სათადარიგო მოთამაშეთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. ამას როგორ დააბალანსებენ, არ ვიცი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

"ვიდრე ბახტაძის ინიციატივებს მიმოვიხილავთ, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ეკონომიკისადმი `ქართული ოცნების~ მიდგომებს, ანუ იმას, რაზეც თითქოსდა ივანიშვილს პრეტენზია ჰქონდა კვირიკაშვილის მთავრობასთან. ამ ყველაფერზე სრულიად განსხვავებული აზრი მაქვს, რაც თავის დროზე, მისი პრემიერობისას, ბატონ ივანიშვილსაც ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ მცირე წინსვლა ეკონომიკაში არის, ასეთი ხავერდოვანი მეთოდებით ეკონომიკა ვერასდროს განვითარდება. ამას სჭირდება მიდგომების ფუნდამენტური ცვლილება, ანუ თუ ქვეყანაში მწარმოებლური ეკონომიკა არ განვითარდა, არაფერი გამოვა. პრემიერ-მინისტრები ძალიან სწრაფად იცვლებიან, იმიტომ, რომ ის გეგმები, რომელთა შესრულებასაც ამ თანამდებობაზე მოსვლისას კისრულობენ, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ვერ შესრულდება. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ სოფლის მეურნეობას განავითარებდა და ამით ყველაფერი მოწესრიგდებოდა, მაგრამ ასე არ არის - სხვათა შორის, ამ დარგშიც ვერ არის საქმე კარგად. განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 7-8% თუ არის დაკავებული, მთლიანი შიდა პროდუქტი სულ სხვა წყაროებიდან წარმოიქმნება. მათ შორის ტრანსპორტიდან, მშენებლობიდან და რაც მთავარია, მრეწველობიდან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი აზრით, მამუკა ბახტაძესაც იგივე პრობლემა აქვს, რაც "ქართული ოცნების" ყველა პრემიერს ჰქონდა - მასაც ჰგონია, რომ ქვეყნის მართვა იგივეა, რაც კომპანიის მართვა, თანაც მასაც, როგორც წინამორბედებს, სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არა აქვს. ის მართავდა დიდ კომპანიებს და ძალიან ცოტა ხანს იყო ფინანსთა მინისტრი. არადა, სახელმწიფოსა და კომპანიის მართვის მექანიზმები აბსოლუტურად განსხვავებულია. იმედია, სახელმწიფოს მართვა თეორიულად მაინც იცის და იცის ისიც, რომ მთავრობის რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს იმ გამოწვევებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას აქვს და იმ ამოცანებისა და პრიორიტეტიდან გამომდინარე, რასაც მთავრობა დაისახავს. ვერ ვიტყვი, 9 სამინისტრო იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური, 11 თუ 14. წესით, ამისთვის არსებობს დიდი მათემატიკური გათვლები, არსებობს მოდელირების მეთოდები და ა.შ. მოკლედ, როგორ გაამართლებს ეს ცვლილებები, ამაზე ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება, სპორტზე არაფერს ვამბობ, ის სამინისტროს გარეშეც შეიძლება არსებობდეს", - მიიჩნევს ექსპერტი.

"რას ნიშნავს ეს გაერთიანება? - იმას ხომ არა, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებთ მთელ იმ კულტურულ ტრადიციას, რომელიც საქართველოს აქვს? ჩვენს ქვეყანას აქვს თავისთავადი, ორიგინალური კულტურა, რასაც მოვლა და პოპულარიზაცია სჭირდება. ეს არ არის განათლების სამინისტროს ფუნქცია, რომელსაც უამისოდაც უმნიშვნელოვანესი სფერო აბარია. განათლება არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. კარგია, რომ პრემიერი პირველივე გამოსვლისას შეეხო ამ საკითხს, მაგრამ სამინისტროების ამგვარი შერწყმის ინიციატივა მაფიქრებინებს, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ აქვს გაანალიზებული ან ერთი სფეროს, ან მეორის არსი. აღარაფერს ვამბობ მეცნიერებაზე, რომელიც ჩაკვდა საქართველოში და როგორც ვხედავ, ეს ჩვენს მთავრობას არ ანაღვლებს. თუ ყველაფერი ისევე გაგრძელდა, როგორც იყო, ჩვენ მივიღებთ დამახინჯებულ ქვეყანას, რომელსაც სიახლის შექმნის შესაძლებლობა არა აქვს. მარტო ტურიზმით ფონს ვერ გავალთ. ამ ყველაფრის სწორად გააზრებასა და მართვას სჭირდება გამოცდილი და მრავალმხრივი აზროვნების პრემიერი. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე ნეგატიური ვთქვა ბახტაძეზე, იმედი ვიქონიოთ, რომ ის შეძლებს ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებას", - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

"ამ ხელისუფლების კიდევ ერთი ყველაზე სუსტი წერტილი სამართალია - ის პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, რომელთაც ვერ მიაქცია კვირიკაშვილმა ყურადღება და ყველაფერი თეა წულუკიანს გადაულოცა, ასევე უზენაესი სასამართლო და პროკურატურა... პროკურატურაში ჯერ კიდევ სხედან, ერთი მხრივ, კადრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი პროკურორობდნენ, მეორე მხრივ, მიშას დროინდელი პროკურორები, რომლებიც ზემოდან ბრძანებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს, აქედან გამომდინარე, მათ მიმართ გაცილებით ხისტი ზომები უნდა გატარებულიყო, რაც არ გაკეთდა. თუ წულუკიანი დარჩა გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, დიდი ალბათობაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნები წააგოს, ამ უსამართლობას ქართველი ხალხი ნამდვილად აღარ აიტანს", - დაასკვნის ექპერტი და შეკითხვაზე - "ჩვენში არაერთი ფიქრობს, რომ ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრემიერი. თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა ბახტაძე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას?", - პასუხობს:

"ჩემი აზრით, ივანიშვილი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა მაშინაც, როცა წავიდა პოლიტიკიდან და მონაწილეობს ახლაც, როგორც პარტიის ლიდერი, მაგრამ მეეჭვება, ერეოდეს რუტინულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ბახტაძე სრულიად თავისუფალი იქნება. ჩემი აზრით, მას ექნება საშუალება თვითონ აარჩიოს კადრები მომავალ მთავრობაში. ვნახოთ, რას იზამს? წავა ძველი გზით და ისევ მხოლოდ პარტიული ნიშნით შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს, თუ გაბედავს, რომ მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყოს. რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და "ქართული ოცნების" ადგილას პროკურორობის კანდიდატის ძებნას სახელისუფლებო სისტემაში არ დავიწყებდი. ვეცდებოდი მომეძებნა დამოუკიდებელი, პოლიტიკურად არაანგაჟირებული პირი. ამ სისტემის რეფორმირება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ყველაფერთან ერთად, ვერც ვხედავ `ქართულ ოცნებაში~ შესაბამის კადრს. არ მინდა იგივე მივიღოთ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის შედეგად მივიღეთ. სხვას რომ თავი დავანებოთ, ხორავას ქუჩის საქმე გახდა ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც პროკურატურის პრობლემები წარმოაჩინა და დაგვანახა, რაოდენ სწრაფად უნდა გატარდეს ამ სტრუქტურაში რეფორმა. თუ "ქართულ ოცნებაში" ეს ვერ დაინახეს წულუკიანის ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ წაგებული პროცესებისას, ვერც მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ ინტერპოლით ძებნილ პირებს წითელ ცირკულარს ერთმანეთის მიყოლებით უხსნიდნენ, იმედია, ახლა მაინც გამოფხიზლდებიან".

"ოცნება" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ლადო ჭანტურიას განიხილავს

"მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობის გამხელას არ ჩქარობს და როგორ "ოცნებაში" აცხადებენ, კონსულტაციები ამ საკითხზე არ დაწყებულა. კულუარული ინფორმაციით კი, დიდი ხანია, უმრავლესობაში ამ თემაზე მსჯელობენ და სხვა კანდიდატებს შორის, ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც განიხილება. ამ ინფორმაციის გადამოწმებას "რეზონანსი" უმრავლესობის წევრებთან შეეცადა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ლადო ჭანტურიას განიხილავს.

"უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას თქმით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა მმართველ პარტიაში ამ თემაზე საუბარი. "პირადად მე უმრავლესობის რიგებში ამაზე საუბარს არ შევსწრებივარ, ასეთ ფორმატში კანდიდატის განხილვა არ ყოფილა. შეიძლება ვინმემ თქვა პირად საუბარში, მაგრამ უმრავლესობაში კონსულტაციები ამ საკითხზე არ დაწყებულა. რაც შეეხება ლადო ჭანტურიას კანდიდატურას, პირველად მესმის, თუმცა იგი ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა, პროფესიონალი, მაგრამ მის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა. "ოცნება" ამ თანამდებობაზე იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც შეუბღალავი წარსული აქვს, ღირსეული პიროვნებაა და პროფესიონალი", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს. "ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში. უმრავლესობის რიგებში ამ საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა და ხმები იმის თაობაზე, რომ უკვე შერჩეულია კანდიდატურა, არასერიოზული და უსაფუძვლოა. ლადო ჭანტურიაზეც პირველად მესმის", - განაცხადა გია ვოლსკიმ. უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, ამბობს, რომ მას ასეთ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და საპარლამენტო ფორმატში პრეზიდენტობის კანდიდატზე არ უმსჯელიათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგ იგორ კვესელავას თქმით კი, "ქართული ოცნების" გარკვეულ წრეებში არის ეს მოსაზრება, რასაც სამეცნიერო წრეებიც იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ თუ მმართველი გუნდის მიერ მართლაც იქნება წამოყენებული ლადო ჭანტურიას კანდიდატურა, მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რადგან მისაღებია როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, ვინც არჩევნებში ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს. მისი თქმით, საზოგადოებაში, უკვე რამდენიმე თვეა, მუსირებს აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა იქნება წამოყენებული საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ კვესელავა მიიჩნევს, რომ იგი ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, რადგან მარტო პარტიული ლიდერის სტატუსი ვერ მისცემს შესაძლებლობას, მიმართულება მისცეს იმ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - დასძენს გამოცემა.

"ჩვენ აქამდე ვხედავდით, როგორი დაპირისპირება იყო პრეზიდენტსა და საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნების მიზეზი სწორედ ესაა, რომ გუნდში ერთობა შენარჩუნებულიყო. მისი პრეზიდენტად არჩევა კი ამ სამ შტოს შორის ურთიერთობის დარეგულირების გარანტი იქნებოდა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვერ გეტყვით, ვის შეარჩევს მმართველი გუნდი. ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა და საერთო კანდიდატი არ წამოაყენა, გაუჭირდება, მოუგოს მმართველი გუნდის კანდიდატს. რამდენადაც მე ვიცი, "ოცნების" გარკვეულ წრეებში არის მოსაზრება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს ლადო ჭანტურია, რასაც სამეცნიერო წრეებშიც ეთანხმებიან. ჩვენ, მეცნიერები, ექსპერტთა საბჭო, ხშირად ვიკრიბებით და იქაც იყო ამაზე საუბარი, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მისაღებია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, ვინც არჩევნებში ხმას არ აძლევს არც ერთ კანდიდატს, ესენი კი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას იგორ კვესელავა.

"ქართული საზოგადოება ლადო ჭანტურიას იცნობს, როგორც ნიჭიერ, ნამდვილ პროფესიონალს, რომელსაც შეუბღალავი წარსული აქვს. მას იცნობენ ევროპაშიც. ასე რომ, მისი კანდიდატურის წამოყენება რატომ უნდა იყოს სათუო, არ მესმის. საკადრო პოლიტიკაში ყველა მთავრობა შეცდომებს უშვებს, მაგრამ ფაქტია, რომ კადრების ნაკლებობა საქართველოში არასდროს ყოფილა. ჩვენ გვყავს ნამდვილი პროფესიონალები, მაგრამ მათ მოძიება სჭირდება. ნამდვილი პროფესიონალები ბევრია სამეცნირო წრეებშიც და ძალიან კარგად მენიშნა ახალი პრემიერ-მინისტრის - მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ იგი აპირებს, კადრების შერჩევის საკითხში გაიზიაროს სამეცნიერო წრეების, ინტელექტუალების აზრი, რომელთაც არც ერთი ხელისუფლება ყურს არ უგდებდა. ვფიქრობ, რომ მომავალ სამთავრობო გუნდში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგენს, უმეტესობა სწორედ სამეცნიერო წრეებიდან იქნება", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

დავით უსუფაშვილი - "აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას"

"ძალიან მინდა, რომ პრემიერმა ბახტაძემ შეძლოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება. ძალიან არ მინდა, რომ მორიგ ჯერზე მორიგი ხისტი სახელისუფლებო ცვლილება მოხდეს 2020-ში თუ მანამდე, რაც ქვეყანას კიდევ ერთხელ დააკარგვინებს განვითარების ტემპს. ძალიან მინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ­ "ქართული ოცნება" იყოს მმართველი კოალიციური უმრავლესობის ერთ-ერთი შესაძლო პარტნიორი და ქვეყანა საბოლოოდ დაადგეს ცივილიზებული სახელმწიფოებრიობის გზას. მაგრამ უნდათ ეს ყველაფერი თავად "ოცნების" ლიდერებს? გააზრებული აქვს ეს ყველაფერი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ასე უყოყმანოდ მოჰკიდა ხელი მმართველი პარტიის, მთავრობისა და ქვეყნის ლიდერობას? ძალიან მინდა, რომ უკვე ასე იყოს და თუ ჯერ ასე არ არის, მალე ასე გახდეს", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არასწორ სისტემაში სწორი ადამიანები ვმრუდდებით. მე მივიღე ჩემი წილი ოპოზიციურ-სახელისუფლებო გაკვეთილები და აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას. აი, სწორ სისტემაში კი გამრუდებულებსაც გვაქვს გასწორების შანსი".

"მაშინ ყველაფერი დალაგდება და პრემიერიც დაინახავს, რომ მართვის სისტემის გასწორებამდე ყველა ახალი რეფორმა, მათ შორის განათლებასა თუ ეკონომიკაში, მარცხისთვის არის განწირული. დაინახავს, რომ მართვის სისტემის გასწორებას პირველ რიგში სჭირდება კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური წესრიგი. დაინახავს, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სჭირდება სასამართლოს სრული და არა შერჩევითი დამოუკიდებლობა. დაინახავს, რომ კანონის უზენაესობას სჭირდება პროკურატურის ბოლომდე და არა ნაწილობრივი გათავისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობის დოქტრინისგან. დაინახავს, რომ თეთრი ძაფით (ხშირად წითლითაც) ნაკერი საქმეების გამო დღევანდელი პროტესტი ახლოსაც ვერ მოვა იმ კოშმართან, რაც ხელისუფლებას ელის მათი მიფუჩეჩების შემთხვევაში. თუ ამ ყველაფერს ახალი პრემიერი არ ან ვერ დაინახავს, მაშინ ბიძინა ივანიშვილს შემდეგი სვლა აღარ დარჩება...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

"გარკვეული გაგებით, ბახტაძის დანიშვნით ივანიშვილი, კვირიკაშვილის გავლით, ღარიბაშვილს დაუბრუნდა. კვირიკაშვილს ჰქონდა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი საჯარო-პოლიტიკური ბიოგრაფია, რაც არ ჰქონდა არც მის წინამორბედს და არც მის შემცვლელს. როგორც ჩანს, კვირიკაშვილის ამ განმასხვავებელმა ასპექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ივანიშვილის მეორედ მოსვლის მომწიფებაში და იგი ახლა ცდილობს თავიდან აიცილოს მესამედ მოსვლის საჭიროება, რაც, ალბათ, მასაც კი თითქმის შეუძლებლად ეჩვენება. ფაქტია, რომ საგარეო ასპარეზზე ახალ პრემიერს და ახალ მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. არა მგონია, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და სხვა ლიდერები თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ ვაშინგტონში ან ბრიუსელში საქართველოსთვის დღეს არავის სცალია. მეტიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი სრულადაა მობილიზებული, რათა ჩვენი პარტნიორები დაამშვიდონ და ქვეყნის კურსის უცვლელობაში დაარწმუნონ. თუმცა ამ ამოცანას დიპკორპუსი ვერ გასწვდება, ეს მთავრობის ქმედებებით მიიღწევა", - განაგრძობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და შეკითხვაზე - "ითქვა, რომ თქვენ და გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა მალე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ალიანსში აღმოჩნდეთ", - პასუხობს:

"სამწუხაროდ, მარგველაშვილ-კვირიკაშვილ-უსუფაშვილის ტრიო ლიტერატურულად გაცილებით უკეთ ირითმება, ვიდრე პოლიტიკურად... თითქმის ერთი წელი ჩვენ სამი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა გვეკავა, მაგრამ მიზეზთა გამო სამჯერაც ვერ მოვახერხეთ საქვეყნო საქმეებზე სერიოზულად მსჯელობა... წვრილმანებს და პერსონალურ ვნებებს შეეწირა უამრავი დრო და უამრავი ადამიანის უნიკალური რესურსი. არასწორ სისტემაში სწორი ადამიანები ვმრუდდებით. მე მივიღე ჩემი წილი ოპოზიციურ-სახელისუფლებო გაკვეთილები და აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას. აი, სწორ სისტემაში კი გამრუდებულებსაც კი გვაქვს გასწორების შანსი. ჩემი გადმოსახედიდან, ამ სწორ სისტემას 30-წლიან სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ გამოცდილებაზე და 30-წლიანთა ლიდერობაზე დაფუძნებული ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ჰქვია. თუ ამ საქმეში წვლილის შეტანა იქნება გამაერთიანებელი მიზანი და არა ვინმეთი საერთო იმედგაცრუება, პერსონალური ემოციები თუ პოლიტიკური რევანში, მაშინ ხსენებული ტრიოს ერთად ხილვაც წარმომიდგენია და ერთად შრომაც"

"რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნებს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თითქმის გამოვრიცხავ. ეს შეუძლებელი ჩანს პოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც. "ოცნებას" ამხელა რისკზე წასვლა დღეს არ შეუძლია, მით უმეტეს, როდესაც აქვს "პოლიტიკური უსაფრთხოების ბალიში" 115-წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობის სახით. რაც შეეხება თავად პარტიის მომავალს, ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეულ გზაზე. თუმცა მისმა შეცდომებმა მისივე არჩევანის თავისუფლება მკვეთრად შეზღუდა. თუ 2013-ში მას შეეძლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე ენავარდა, 2018-ში მას უკვე ვიწრო და სახიფათო მოსახვევებშიც უწევს გავლა", - დასძენს დავით უსუფაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო