„წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველების და ფრინველების ყიდვა-გაყიდვა და მათი დატყვევება 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

რაც შეეხება იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ - მათი უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი - 153. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ამ და სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინონ სამინისტროს, ასევე მიიღონ ინფორმაცია, მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა