საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება - „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“ გაიმართება

სასტუმრო "რუმს"-ში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით, გაიმართება ღონისძიება - „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიებას, რომელსაც სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრება, განიხილება პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები.

პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, გულისხმობს ფერმერებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველოში, სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, დარგის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიონალთა ახალი თაობის განვითარება კერძო სექტორის მონაწილეობით და საჯარო და კერძო სექტორთა ერთობლივი ძალისხმევით, თანამედროვე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების შესაძლებლობების შექმნა საქართველოში.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე 160 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან კერძო სექტორის მონაწილეობით შეირჩა 102 აპლიკანტი მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით საქართველოს 6 რეგიონში.