ნინო ლომჯარია - არაერთი პრობლემის სათავე, რაც დღეს არსებობს, არის ის, რომ სკოლის ასაკში ბავშვებს ვერ ვასწავლით ადამიანის უფლებებს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა აკადემიის კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს მოიცავს.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ 64 საჯარო და კერძო სკოლა გამოიკვლია. ინტერვიუები სამ სამიზნე ჯგუფს ჩაუტარდა: 7-12 კლასის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლების ადმინისტრაციას. კვლევის ფარგლებში ჯამში 1480 ინტერვიუ ჩატარდა. როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, საგანმანათლებლო სივრცეებში ადამიანის უფლებების სწავლება საკმაოდ დაბალია, რასაც ნაწილობრივ პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია განსაზღვრავს.

"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, სამწუხაროდ, სამოქალაქო განათლება და ადამიანის უფლებების სწავლება მაინც ძალიან დაბალია. სიღრმისეულ კითხვებზე გამოკითხული რესპონდენტების პასუხები ადასტურებს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. ჩვენ დავინახეთ, რომ არაერთი პრობლემის სათავე, რაც დღეს საქართველოში არსებობს, არის სწორედ ის, რომ სკოლის ასაკში ბავშვებს ვერ ვასწავლით ადამიანის უფლებებს.

კვლევაში საუბარია ასევე ბულინგზე. ბევრი მოსწავლე საუბრობს, რომ ან მას შეხებია, ან მის გარშემო ხდება ბულინგი, თუმცა ამაზე რეაგირების და შეტყობინების სისტემა საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს. თავად პედაგოგების კვალიფიკაცია არის გასაზრდელი იმიტომ, რომ იმ მასწავლებლებსაც, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან ამ საგნებს, ადამიანის უფლებების შესახებ ძალიან მცდარი წარმოდგენები აქვთ",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა განათლების სფეროში ჩართულ ყველა ინსტიტუციას თანამშრომლობის სრული მზაობა განუცხადა, რათა ერთობლივად იქნას დაძლეული პრობლემები.

კვლევის შედეგად, საზოგადოებაში გავრცელებულ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:

- კვლევაში მონაწილე 45 მოსწავლე მიიჩნევს, რომ ქალისა და მამაკაცის შრომა განსხვავებულად უნდა ანაზღაურდეს და ასევე სრულად უარყოფს მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობას;

- კვლევაში მონაწილე 58 მოსწავლე მიუხედავად იმისა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას აღიარებს, მაინც აღნიშნავს, რომ ქალის მთავარი ფუნქცია დიასახლისობა და ბავშვების გაზრდაა;

- კვლევაში მონაწილე 49 მოსწავლე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა ეთნიკურ ჯგუფს არ უნდა მიეცეს თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობა და არც სამუშაო ადგილებზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო