შსს მართლწესრიგის ოფიცრებზე, რომლებიც უბნის ინსპექტორების ნაცვლად იმუშავებენ, ვაკანსიას აცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანსიაზე დღეიდან განცხადებების მიღებას აცხადებს. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტროს მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, ასევე დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია.

მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებ-გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია.

გარდა ამისა, იწყება მართლწესრიგის ოფიცრის საინფორმაციო კამპანია. მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ტიპის ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება უშუალო კომუნიკაციის ფორმით დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც ნაკლებეფექტიანი უბნის ინსპექტორის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით. ასევე პოლიციასთან ერთად საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობაში ასევე შედის დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას“, - განაცხადა ჯავახაძემ.

მისივე თქმით, შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაივლიან შესაბამის მომზადების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც.

„მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის პრევენციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია არამხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა. ღია ვაკანსიის გამოცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია ამ პოზიციაზე მოიზიდოს ახალი კადრები, მოტივირებული, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა