ლია მუხაშავრია - თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას

როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას, თუმცა უნდა თუ არა ამ ტვირთვის ზიდვა მამუკა ბახტაძეს, ეს მალე გამოჩნდება, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს.

"დროებითი მთავრობის დამტკიცება, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვფიქრობ, თეა წულუკიანთან ჭიდაობის შედეგია - "ქართულ ოცნებაში" არსებული კლანური დაპირისპირება მამუკა ბახტაძეს არ აძლევს შესაძლებლობას, მთავრობა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს. არც წულუკიანის შანტაჟს გამოვრიცხავ, ის სკამის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების კრიჭაში ჩადგომა და ძალაუფლების დემონსტრირება სჩვევია - არ უნდათ აღიარონ, რომ წულუკიანი მათი შეცდომაა და სამოქალაქო მოთხოვნის საფუძველზე გადააყენონ, ამიტომ სხვა გზებს ეძებენ. გაოცებული ვარ მმართველი გუნდის შედარებით გონიერი წარმომადგენლების განცხადებებით, რომლებიც ამტკიცებენ, ქვეყანაში კრიზისი არ გვაქვს და სამთავრობო ცვლილებები სულ სხვა მიზეზით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვითაა გამოწვეულიო. როდესაც გადაჯგუფების ეს პროცესი ჩაივლის, დავრწმუნდებით, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ამჯერადაც არ იქნება", - აღნიშნავს უფლებადამცველი.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, გამსხვილებული ფუნქციების მქონე იუსტიციის სამინისტროს იდეა კარგია, თუმცა, თუ თეა წულუკიანი დარჩება მის ხელმძღვანელად, კრიზისი ციხეებშიც დაიწყება.

ლია მუხაშავრია განმარტებით, "სანამ ერთ პირს შეუძლია ნებისმიერი თანამდებობის პირის ერთ დღეში გადაყენება, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვექნება და სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარიც წინასაარჩევნო ტრიუკის ნაწილი იქნება".