ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმის ნავმისადგომთან შეკრებილ მეზღვაურებს, სტუდენტებსა და ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პროფესიული დღე მიულოცეს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მეზღვაურთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

"იყო მეზღვაური ნიშნავს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ეკონომიკისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში. დღეს ჩვენ საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პირველად გავუშვებთ საწვრთნელ გემს "კადეტი". ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას საზღვაო მიმართულებით განათლების მნიშვნელობასა და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის აჭარაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მეზღვაურთა პროფესიის მნიშვნელობას და მის კავშირს ზღვისპირა ქალაქთან.

,,საზღვაო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას პროფესიონალი კადრები სჭირდება. ამ კუთხით ბათუმში მართლაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. საზღვაო მიმართულებით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის კვალიფიციურ კადრებს ამზადებენ. ყოველწლიურად იზრდება უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიებაზე მეზღვაურთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ზღვაზე ჩადენილი სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს ჯილდო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა გადასცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი ჯილდო გარდაცვლილი კაპიტნის შაქრო ვარშანიძის შვილს პირადად გადასცა.

გარდაცვლილი მეზღვაურების საპატივცემულოდ ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. ცერემონიალის ბოლოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ისტორიაში პირველად გემი „კადეტი“ პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს