გია ხუხაშვილი - თეა წულუკიანი ხდება განხეთქილების ვაშლი, ღირსეული ადამიანი ამ ვითარებაში თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან

უკვე გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში სერიოზული რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ამ პროცესმა არ შეიძინოს მექანიკური ხასიათი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

ხუხაშვილი იმ სამინისტროების გაერთიანებას, რომელიც დაანონსებულია, მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ასევე სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი რეფორმის მეორე ეტაპზე. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროების მექანიკური გაერთიანება შედეგის მომატანი არ იქნება.

„ჩვენთან ქვეყანაში და ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა, მმართელობითი სისტემის სერიოზული კრიზისი ჩამოყალიბდა. თვითონ მართვის ალგორითმი გაუგებარი იყო და ფაქტობრივად, სისტემას ეფექტურობა ჰქონდა დაკარგული. იმისთვის, რომ სისტემა ეფექტურად იმართებოდეს, ერთ-ერთი პირობაა, რომ ის იყოს მარტივი და ოპტიმალური. შესაბამისად, რეფორმა ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი ეს არის გამსხვილება და მე ამ ტიპის გამსხვილებას მივესალმები. მეორე ეტაპი არის შიგნით დალაგება. უკვე გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში სერიოზული რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა არ შეიძინოს მექანიკური ხასიათი. მექანიკურ გაერთიანებას არაფერი მოაქვს, მათ შორის არც ხარჯების შემცირება, რისი არაერთი მაგალითიც გვინახავს, თუნდაც ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების თემა რომ ავიღოთ, როდესაც ფაქტობრივად, არც კი გვიგრძვნია, თუ რამე მოხდა ოპტიმიზაციის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მე პირველ ეტაპს მივესალმები, ამ მიმართულებით სვლას, მაგრამ საბოლოო დასკვნისთვის ჩვენ უნდა დავინახოთ, რა მოხდება მეორე ეტაპზე, რამდენად მოხდება შიდა სტრუქტურული დალაგება სამინისტროების და რამდენად სწორად აიგება მმართველობითი ბლოკ-სქემა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ამ ქვეყანაში ადმინისტრაციული ხარჯების ზედა ზღვარი უკვე ციფრებში გამოხატა პრემიერ-მინისტრმა, რაც ძალიან მომწონს მე პირადად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში ძველი სახეების დატოვებას, ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავრობაში არიან მინისტრები, რომლებიც რეფორმატორები არიან და არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს უნარები არ გააჩნიათ. პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა ვერ უნდა შეინარჩუნოს.

„საზოგადოების გამთლიანების თვალსაზრისით, ფრთხილი ოპტიმიზმი გაჩნდა საზოგადოებაში და იუსტიციის მინისტრი ამ სიტუაციაში ხდება განხეთქილების ვაშლი. ღირსეული ადამიანი ამ ვითარებაში თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან, მიუხედავად იმისა, ის კარგი მინისტრია თუ ცუდი, ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. როდესაც ასეთ მოცემულობაში, რაც არ უნდა უსამართლოდ ეჩვენებოდეს, ადამიანი მაინც ეპოტინება თანამდებობას, ის ნამდვილად არ არის თანამდებობის ღირსი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის სისტემაა, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ მინისტრებზე, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეფორმატორული უნარები და მინისტრებზე, რომლებსაც ეს უნარები არ აქვთ, ან რომლებიც იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ მათი დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციების შედეგად რამდენიმე სამინისტროს გაერთიანების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა. სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, განათლების სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდება. დაგეგმილია ასევე დევნილთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანებაც. ასევე შეერთდება იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები. სამშენებლო და სარეაბილიტაციო კომპონენტი მხოლოდ ერთ უწყებაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოიყრის თავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა