ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა

ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე, ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, ლადო მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე, ხვიჩა შარაშიძე ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან - სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემოვლითი გზა, მთლიანობაში, ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობას 20-30 წუთით შეამცირებს. მამუკა ბახტაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს, ასევე მშენებლებსა და კონტრაქტორ კომპანიებს.

შემოვლითი გზა - ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთი (პირველი ლოტი) უკვე გახსნილია, ამიერიდან კი, ავტოტრანსპორტი გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთზეც (მეორე ლოტი) იმოძრავებს.

პროექტის ფარგლებში 18-კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდა ორი გვირაბი და 15, მათ შორის საქართველოში ყველაზე გრძელი - 1200 მეტრი სიგრძის ხიდი. პროექტი აზიის განვითარების ბანკმა 209 მილიონ 852 ათას 079 ლარით დააფინანსა.

ავტოტრანსპორტი მახინჯაურის გვირაბიდან შეკვეთილამდე და პირიქით, ჩაქვის უღელტეხილის, ქობულეთისა და ჩოლოქის (ფიჭვნარის) გვერდის ავლით, ორზოლიან გზაზე - 90 კილომეტრ/საათში დაშვებული მაქსიმალური სიჩქარით იმოძრავებს. გზის თავისუფლების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლი 105 კილომეტრ/საათია.