სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი ტარდება

28-30 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი ტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, თავისი მასშტაბებით და მნიშვნელობით კონგრესი განსაკუთრებული მოვლენაა არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მასში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათივე ინორმაციით, განსაკუთრებულია უცხოელ სპიკერთა რაოდენობაც (43 სპიკერი ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან და მათგან უმრავლესობა მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერია).

„ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ პატარაძის პატრონაჟით. კონგრესის ორგანიზატორები არიან ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

ორი დღის განმავლობაში, ორ პარალელურ დარბაზში ჩატარებული 24 სიმპოზიუმი შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური“, - აცხადებენ „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“.

კონგრესის გახსნის ცერემონია გაიმართება 28 ივნისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ფოლკლორული კოლექტივები. კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1-ელ ივლისს ჩატარდება გარბენი სლოგანით “ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“, რომელიც ორგანიზებული იქნება ქალაქ ბათუმის მერიასთან ერთად.