ზუგდიდის მერია შპს „თაუნ პარკს“, რომელიც პარკირების სისტემის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი, დავალიანების გადასახდელად ვადას თვის ბოლომდე აძლევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შპს „თაუნ პარკს“, რომელიც ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი, დავალიანების გადასახდელად ვადას თვის ბოლომდე აძლევს. კომპანიას ადგილობრივ ბიუჯეტში 55 000 ლარი აქვს შესტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიასა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სახელწოდებით “მოუწესრიგებელი პარკირება ზუგდიდში” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საკრებულო უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც პარკირების წესის ცვლილებების პაკეტზე იმუშავებს, რომელიც საფასურის დადგენასა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას გულისხმობს. გარდა ამისა, განმარტა, რომ მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება პარკირების წესის დარღვევისთვის თუ გადაუხდელობისთვის სანქციები თავად დააწესოს.

„ჩვენ ვაძლევთ კომპანიას გონივრულ ვადას თანხის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს ავამოქმედებთ. იმ შემთხვევაში, თუკი ათთვიან ვადაში, რომელიც სექტემბერში იწურება, "თაუნ პარკი“ ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს, მერია ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხსაც განიხილავს “, - აღნიშნა წოწერიამ.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი ბაბუში ყუფუნია ამბობს, რომ „თაუნ პარკი“ ბიუჯეტში ფულს შეიტანს.

კითხვაზე, რატომ აქვს დავალიანება კომპანიას და რატომ არ გადაიხადა თავის დროზე ნაკისრი თანხა, ყუფუნიამ განაცხადა, რომ მას ვადა თვის ბოლომდე აქვს, გარდა ამისა, მან სხვადასხვა მიზეზები დაასახელა, მათ შორის დაზიანებული ინსფრასტრუქტურა.

„როგორც კი ეს პრობლემა მოწესრიგდება, ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებილებას შევასრულებთ, სექტემბრამდე კი იმ თანხას, რაც არის გათვალისწინებული, აუცილებლად დავფარავთ“, - აღნიშნა ყუფუნიამ.

შეხვედრაზე, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინიციატივით შედგა, „თაუნ პარკის“ წარმომადგენელს კითხვები საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა დაუსვეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოსავალი ხელშეკრულების შეწყვეტასა და პარკირებაში ახალი სისტემის დადგენაშია.

შპს „თაუნ პარკმა“ ბიუჯეტში თანხა მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა. სულ კომპანიამ დავალიანება ოთხჯერ - იანვარსა და თებერვალში გადაიხადა, რაც ჯამში 107 669 ლარს უდრის. ხელშეკრულების თანახმად კი, რომელიც მერიასა და "თაუნ პარკს" შორის გასული წლის სექტემბერში დაიდო, კომპანიას წლის განმავლობაში 203 000 ლარი კვარტალურად უნდა გადაეხადა.

რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული სისტემა ხარვეზიანია და კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს