ზაზა გაბუნია - ჩვენი ამოცანა არის წყალი ყველა ოჯახში და ყველა ონკანში

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინეს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ორგანიზაციის ხედვა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო დეპუტატებს.

მისი ინფორმაციით, კომპანიის 100%-იან წილს ფლობს სახელმწიფო, ხოლო დამფუძნებელი პარტნიორია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანიის დაფარვის არეალია 57 ქალაქი და 315 სოფელი და იგი 332 აბონენტს ემსახურება.

„დაფარვის არეალი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 35%-ია, კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამწმენდ ნაგებობებს აშენებს“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობას ხარისხიანი წყალი ჰქონდეს, კომპანია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიებით.

მომხსენებელმა ფინანსური მონაცემების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2017 წელი იყო პირველი წელი, როცა კომპანიამ საოპერაციო ხარჯები სუბსიდიით არ დააფინანსა და მისივე თქმით, ამასვე აპირებს 2018 წელსაც. ეკატერინე გალდავამ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა კაპიტალურ ხარჯებსა და დონორ ორგანიზაციებზე. მან წარმოადგინა ინფორმაცია, როგორც გაწეულ სამუშაოებზე, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კომპანია დგას.

კომპანიის დირექტორმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, ანგარიში სრულ ინფორმაციას მოიცავს გამოწვევების ობიექტური და სუბიექტური გარემოებებისა და მიზეზების შესახებ და მათი დაძლევის რესურსისა და შესაძლებლობის შესახებ.

„ჩვენი ამოცანა არის სასმელი წყალი ყველა ოჯახში და ყველა ონკანში. შესაბამისად, გამოწვევა დიდი გაქვთ და სირთულეების შესახებაც თქვენგან მოვისმინეთ, თუმცა ამ პროცესში თქვენ უნდა გქონდეთ პარლამენტის მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 586 მლნ ლარი იქნა 2013-2018 წლების განმავლობაში წყალმომარაგების პრობლემის დასაძლევად გამოყოფილი.

„დაწყებულია, დასრულებულია და მიმდინარეობს ბევრი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა იყოს ძალიან ეფექტური, გასაგები, ზუსტად მორგებული სირთულეებზე“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

დღესვე, დეპუტატებმა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ კომიტეტს იმ პროგრამის შესახებ მოახსენა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ბარკალაიამ მიზნობრივი სოციალური დახმარების, როგორც საქართველოს რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამის თაობაზე ისაუბრა, რომელიც სტატისტიკურ მოდელზე დამყარებული ახალი სახის, ყველაზე წარმატებული სოციალური დახმარებაა.

„2018 წლის მაისის მდგომარეობით, სულ მიმღებია 449886 პირი, მათ შორის, 33% ბავშვი და 18,8% 60 წელს გადაცილებული ადამიანები“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ბარკალაიამ ასევე ისაუბრა სარეიტინგო ქულის მინიჭების პრინციპსა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე, კომუნალური გადასახადების შესახებ და იმ ცვლილებებზე, რომელიც პროგრამაში უახლოეს პერიოდში განხორციელდა, ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია სოციალური პაკეტის და პენსიის 20%-იანი დანამატის მიმღებთა რაოდენობის შესახებ რეგიონების ჭრილში.

თამარ ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა დემოგრაფიული ხელშეწყობის პროგრამების თაობაზე, რომელიც რეგიონებში ხორციელდება.

„მესამე და მომდევნო ბავშვზე რეგიონულ ჭრილში დახმარებას 7097 ადამიანი იღებს. ამის გაცემა ხდება იქ, სადაც დემოგრაფიული კლებაა დაფიქსირებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, რომ არა სოციალური შემწეობის პროგრამა, დღეს 2-ჯერ მეტი ბავშვი იქნებოდა ღარიბი.

„თუნდაც იმიტომ არის ეს პროგრამა გამართლებული, რომ უღარიბესი ფენის 60%-ზე მეტს მოიცავს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ სოციალური შემწეობის პროგრამაზე საუბრის დროს.

მას მიაჩნია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში აუცილებელია უსაფრთხოების მექანიზმის სახით ადგილობრივი თვითმმართველობები ჩაერთონ ამ პროცესში. „ეს უნდა იყოს არა ისე, როგორც ადრე, როცა პირებს სუბიექტურად უწერდნენ რეკომენდაციას, არამედ 5-დან 10%-მდე ბუფერი გადავცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ფისკალური პასუხისმგებლობაც მივცეთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული საკითხების მიმართ გუნდს ფუნდამენტური მიდგომა ექნება.

„მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელშიც ამ მიმართულებას აუცილებლად ექნება თავის ადგილი. ამ თემებზე საკმაოდ ფართო დისკუსია მოგვიწევს არა მარტო საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებას და თვითმმართველობებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განხილული ანგარიშები ცნობად მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო