ზურაბ პატარაძე - ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისთვის

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისთვის, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნაზე განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები, გაიზრდება ტურისტული ნაკადი და ეკონომიკური სარგებელი.

დღეს ქობულეთის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს. ქობულეთის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი და 15 ხიდი აშენდა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს პროექტის დაფინანსებისთვის და მასშტაბური სამუშაოს შესრულებისთვის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის გარდა მოხდეს ტურისტული პოტენციალის ათვისება აჭარის სოფლებში და განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ბოლომდე მიყვანა. ჩვენი მიზანია, მთელი მაგისტრალი გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეიქმნას სათანადო პირობები გაზრდილი სატრანზიტო ტვირთებისთვის. ჩვენ გვჭირდება ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვან და მზარდ წვლილს შეიტანს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის და ქალაქ ქობულეთის მერები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა