კახა კალაძე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც დაზარალებულებმა შეხვედრაზე განაცხადეს, დეველოპერული კომპანია „სვეტი,“ რომელსაც არც ერთ სამშენებლო ობიეტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია, მშენებლობის შეჩერების მთავარ მიზეზად მერიისგან ნებართვების გაუცემლობას ასახელებს, რაც პასუხისმგებლობიდან თავის არიდებისა და პრობლემის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

კახა კალაძე დაზარალებულ პირებს მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა. მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული.

„კომპანია „სვეტს“ ჰქონდა ნებართვების გარეშე დაწყებული მშენებლობები. ჩვენ მზად ვართ ნებართვების გასაცემად ამ კომპანიის გარკვეულ ობიექტებზე იმისთვის, რომ მათ განაახლონ მშენებლობა. მირცხულავას ქუჩის მონაკვეთებზე, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ბლოკებზე, უკვე მზად არის ყველაფერი ნებართვების გასაცემად. ეს იქნება პირობიანი ნებართვა, რომ კომპანიამ მოკლე და წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს სანებართვო პროცედურები სხვა ობიექტებზეც. ჩვენ მოვთხოვთ კომპანია „სვეტს“, რომ უახლოეს დღეებში განაახლოს მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომპანია არის სიცოცხლისუნარიანი“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი დაზარალებულის, ბიძინა მშვილდაძის თქმით, თბილისის მერმა მოისმინა დაზარალებულთა პრობლემების შესახებ და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩვენ შეხვედრაზე ბატონი კახისგან მივიღეთ პრობლემის მოგვარების პროცესში სრული მხარდაჭერა. მან ადამიანურად აგვიხსნა მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები და მერიის შესაძლებლობები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ მერია ახლო მომავალში, ერთი კვირის ვადაში, კომპანიას მისცემს პირობიან ნებართვას მშენებლობის დასაწყებად. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენად აქვს კომპანიას მშენებლობის გაგრძელების და მენაშენეების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების რესურსი“, - განაცხადა ბიძინა მშვილდაძემ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაესწრო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს