სოფო ჯაფარიძემ კიევში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში კიევში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა აცნობა. მათი ინფორმაციით, სოფო ჯაფარიძემ კონფერენციის მონაწილეებსა და უკრაინის მთავრობას საქართველოს გამოცდილება გაუზიარა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მიმართულებით.

სოფო ჯაფარიძემ მოხსენებაში საქართველოს წარმატებული მაგალითები აღნიშნა. მან ასევე ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელების პროცესში საჭიროებებზე მორგებული გეგმის შემუშავებასა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების, კონფლიქტის პრევენციისა და გადაწყვეტის, ასევე, მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული გეგმის საშუალებით საქართველოს მთავრობა გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას ახდენს უსაფრთხოების სექტორსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან, გეგმის განხორციელება გულისხმობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და მათ სრულფასოვან ჩართულობას კონფლიქტის პრევენციის და გადაწყვეტის პროცესში. სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ გეგმაში გაწერილი პრიორიტეტები დეტალიზებულია შესაბამის უწყებრივ და სექტორულ გეგმებში. სამთავრობო უწყებებთან ერთად გეგმის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული როლი აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კონფერენციის მიზანი და ფორმატი მოიცავდა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების, გამოწვევების, ინსტიტუციური საკოორდინაციო მექანიზმების შექმნისა და ფუნქციონირების მაგალითების გაცნობას უკრაინის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და უკრიანის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვიცე-პრემიერის აპარატის თანამშრომლობით გაიმართა, 100-მდე დელეგატი ესწრებოდა.

„საქართველოს მთავრობა 2011 წლიდან ახორცილებს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შექმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მაკოორდინირებელ მექანიზმს წარმოადგენს. უწყებათაშორისი კომისია კოორდინირებას უწევდა გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესს,” - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა