ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2018

სად იქნება წულუკიანი 2 კვირის შემდეგ

რას დაჰპირდა ვენესეულის პრეზიდენტი ხაჯიმბას - "რუსეთმა აღიარების "მესამე ტალღა" დაიწყო"

***

სად იქნება წულუკიანი 2 კვირის შემდეგ

"უკვე გადაწყვეტილია და დღეს გახდება ცნობილი იმ 11 სამინისტროს დასახელება, რომელიც მომავალ მთავრობაში იქნება, თუმცა პასუხი ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი, ჯერ ისევ უცნობია. პოლიტოლოგების დიდი უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ოცნებისთვის" წამგებიანი იქნება, თუ წულუკიანს არ შეელევიან. მათი განცხადებით, როდესაც ამდენი ნეგატივი დაგროვდა ერთი მინისტრის წინააღმდეგ, სულ რომ ცამდე მართალი იყოს, მაინც უნდა წავიდეს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ წულუკიანის მიმართ ძალიან ბევრი ნეგატივი დაგროვდა, პრობლემებიც ბევრი აღინიშნა, ამიტომაც უპრიანი იქნება, ის შეცვალონ, რადგან თუ დარჩება მინისტრად, ეს "ქართულ ოცნებას" დააზარალებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, სად იქნება წულუკიანი 2 კვირის შემდეგ / "შესაძლოა, მინისტრობის ნაცვლად პარტიის პოლიტიკური მდივნობა შესთავაზონ"

"საყვარელიძის თქმით, გაჩნდება ასეთი ფრაზა - რა სიახლეს უნდა ველოდოთ ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც წულუკიანიც კი დატოვა, რომლის წინააღმდეგ ამდენი ილაპარაკა მთელმა საზოგადოებამ. გაჩნდება მესიჯი, რომ ხელისუფლება არ უსმენს და ჯიბრში უდგას საზოგადოებას. წულუკიანი შესანიშნავი პოლემისტია და "ოცნებას" შეუძლია, მისი ეს პოლიტიკური პოლემისტობა უფრო პროდუქტიულად გამოიყენოს. შესაძლოა, მინისტრობის ნაცვლად სხვა, პოლიტიკური თანამდებობა შესთავაზონ, მაგალითად, პარტიის პოლიტიკური მდივნობა და ასე მისი გათავისუფლება სხვა ჟღერადობას შეიძენს", - ამბობს საყვარელიძე. წულუკიანის გაშვება-დატოვებაზე აზრი ორადაა გაყოფილი თვით "ქართული ოცნების" გუნდშიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი მიუღებელია მათთვის, ვისაც, ზოგადად, "ოცნება" არ მოსწონს, რადგან იუსტიციის მინისტრი ოპოზიციის მიმართ ძალიან ხისტია, რაც დადებითი ფაქტორი უფროა, ვიდრე უარყოფითი. ასევე, ფიქრობენ, რომ მისი გაშვებით "ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს სისუსტეს აჩვენებს, ამიტომაც მის გაშვებას მხარს არ უჭერენ. ამბობენ, რომ ახალი პროკურორის შერჩევაში წულუკიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და მმართველი პარტიისათვის სასურველი კანდიდატი გაიყვანოს", - აღნიშნავს გამოცემა

"მმართველი გუნდის მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ წულუკიანი, პირიქით, პარტიისთვის ზედმეტი ნეგატივია და წინასაარჩევნოდ მათ იმიჯს აზარალებს. ამ გუნდის პოზიციას საჯაროდ და ყველაზე თამამად გამოხატავს უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც აცხადებს, რომ "დიახ, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს". ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს არაერთხელ. დღეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ თუკი "ქართულ ოცნებას" აქვს შეცდომები, გარედან უფრო კარგად ხედავს ეგ ქალბატონი და როცა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფალი იქნება, კრიტიკის მეტი საშუალება ექნება", - ამბობს ჭიჭინაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანიც და გუნდიც ახლა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება. თავად წულუკიანი კი საზღვარგარეთ იმყოფება - მას ამ დრომდე არ უთქვამს, რატომ დატოვა მისმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა. იქნება თუ არა წულუკიანი მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ჟურნალისტების ეს შეკითხვა გუშინ უპასუხოდ დატოვა ახალმა პრემიერ-მინისტრმაც", - განაგრძობს გამოცემა

"მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი და სამშაბათს მთავრობის სხდომაზე წარადგენს ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას, მაგრამ არ აკონკრეტებს იმ 11 მინისტრის ვინაობას, ვინც მის ახალ მთავრობაში იქნება და არც იმაზე პასუხობს, იქნება თუ არა იუსტიციის მინისტრი კვლავ თეა წულუკიანი. 2 კვირაზე მეტია, მესამე სექტორი თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევაში მან მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. პოლიტოლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ანტიკამპანიის ფონზე იგი თავად უნდა წავიდეს. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ წულუკიანი დღეს განხეთქილების ვაშლად იქცა და ასეთ ვითარებაში ღირსეული ადამიანი თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან", - დასძენს გამოცემა

"ხუხაშვილის თქმით, საზოგადოების გამთლიანების თვალსაზრისით, ფრთხილი ოპტიმიზმი გაჩნდა საზოგადოებაში და იუსტიციის მინისტრი ამ სიტუაციაში ხდება განხეთქილების ვაშლი. ღირსეული ადამიანი ამ ვითარებაში თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან მიუხედავად იმისა, ის კარგი მინისტრია თუ ცუდი, ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. როდესაც ასეთ მოცემულობაში, რაც უნდა უსამართლოდ ეჩვენებოდეს, ადამიანი მაინც ეპოტინება თანამდებობას, ის ნამდვილად არ არის თანამდებობის ღირსი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის სისტემაა, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ მინისტრებზე, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეფორმატორული უნარი და მინისტრებზე, რომლებსაც ეს უნარი არ აქვთ, ან რომლებიც იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ მათი დატოვება არ შეიძლება. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, "რაც უფრო გაგრძელდება წულუკიანზე მოჭიდება, სულ რომ ცამდე მართალი იყოს იგი ყველა საკითხში, უფრო რთული და პრობლემური ხდება წულუკიანის თემა უკვე მთლიანად, ლამის სახელმწიფოებრიობისთვის. დე გოლი გადადგა საფრანგეთში მცირე ჯგუფის მოთხოვნის გამო, რომ ქვეყანას საფრთხე არ შექმნოდა და დამსახურება დე გოლს ჰქონდა როგორმე იმდენი, რომ ჰყოფნოდა სალაპარაკოდ. ოღონდ ეს ლაპარაკი არ წამოუწყია. ამ თემას ბევრი ლაპარაკი არ არგებს. თუმცა ის, რომ ხელისუფლებას არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მოთხოვნით გადაყენება არ უნდოდეს, გასაკვირი არ არის. ზოგადად, ხელისუფლებას არ უყვარს, როდესაც რაღაცას კარნახობენ. წულუკიანის მიმართ ისეთი დამოკიდებულება რომ იყოს, როგორიც, მაგალითად, ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართ იყო, როდესაც მის გადაყენებას კი არ ითხოვდნენ, არამედ უკვე ხუმრობა და დაცინვა დაიწყეს მისი, მაშინ შეიძლება უფრო ადვილადაც შეეცვალათ ის. ყველაზე სწორი ვარიანტი იქნებოდა, თუ დაგვიანებული არ არის, თვითონ ხელისუფლების გუნდში ჩამოყალიბებულიყო კრიტიკული აზრი. ხელისუფლების გუნდში უნდა მომწიფებულიყო აზრი, რატომ უნდა გადადგეს, რაც გააჩენდა იმ შინაარსს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პოზიციიდან და არგუმენტაციიდან გამომდინარე გადაწყვიტა გადაყენება. მისი თქმით, უამრავ შემთხვევაში ეს ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და ამ შემთხვევაში მისი სურვილია, რომ ამდენი პოლემიკის შემდეგ წულუკიანს გადადგომის შესახებ თავად მიეღო გადაწყვეტილება, "ოცნებამ" კი ის შემდეგ პარტიის პოლიტიკურ მდივად დანიშნოს და ამით ოპონენტებთან პოლიტიკურ პოლემიკაში უფრო აქტიური გახადოს", - წერს სტატიის ავტორი.

რას დაჰპირდა ვენესეულის პრეზიდენტი ხაჯიმბას - "რუსეთმა აღიარების "მესამე ტალღა" დაიწყო"

"დიპლომატიური არხების ცნობით, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო წერილი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსგან, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი მზადაა აფხაზეთთან მეგობრული და სოლიდარული ურთიერთობის გასაგრძელებლად. ვენესუელის პრეზიდენტის ამგვარი ქმედება შეაფასა ქართველმა პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელი იყო და რუსეთმა დაიწყო აღიარების "მესამე ტალღა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რას დაჰპირდა ვენესეულის პრეზიდენტი ხაჯიმბას - "რუსეთმა აღიარების "მესამე ტალღა" დაიწყო"

"მადურო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს აფხაზეთს და დაეხმარება საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში: "მის უდიდებულესობას, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას! მოგმართავთ ხალხის, ვენესუელის სამმართველოსა და პირადად ჩემი სახელით იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი გულწრფელი მოლოცვისთვის მას შემდეგ, რაც მოხდა ჩემი კანდიდატურის არჩევა ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკის პრეზიდენტად. ღრმა კმაყოფილების გრძნობით, მე მიხარია იმის გარანტირება, რომ მომავალში აფხაზეთსა და ვენესუელას შორის გაღრმავდება მეგობრული და სოლიდარული ურთიერთობა. მიზანი ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაა იმისთვის, რომ განვითარდეს ინტეგრალური თანამშრომლობის ახალი ალტერნატიული გზები, რაც ჩვენი ხალხისთვის სარგებლის მომტანი იქნება", - აღნიშნავს გამოცემა

"გამოვიყენებ შემთხვევას და კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩვენს ურყევ ერთგულებას აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების საკითხთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი ნება ქვეყნების თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება მულტიპოლარული მსოფლიოს გაძლიერების, ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის, ასევე, სამართლიანობისა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარებისკენ. მადლიერებით, პატივისცემითა და პირადად თქვენი და თქვენი მამაცი ხალხის მიმართ სოლიდარობით, გემშვიდობებით და გარწმუნებთ ჩემს პატივისცემაში", - წერია მადუროს მიერ გაგზავნილ წერილში.

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას თქმით, ვენესუელის პრეზიდენტს ქვეყანაში თვითონ აქვს პრობლემები და ბევრი გზა აფხაზეთისა და მისი დე ფაქტო პრეზიდენტის დასახმარებლად ნამდვილად არ ექნება", - განაგრძობს გამოცემა

"მაისაიას თქმით, ის თავის დროზე ამბობდა, რომ ეს მოსალოდნელი ფაქტი იყო იმიტომ, რომ რუსეთმა დაიწყო აღიარების ე.წ. მესამე ტალღა. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს იმ არსებული ბერკეტების გამოყენებას, რომლებიც ხელთ აქვს, რათა დაიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი", - ამბობს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ ვენესუელა მხოლოდ ორი გზით შეძლებს აფხაზეთის დახმარებას - პირველ რიგში, იმ ქვეყნებზე ზეგავლენით, რომლებიც ჯერ კიდევ ვენესუელის რეჟიმზე არიან დამოკიდებულნი და, ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაც სათავისოდ გამოიყენოს. მადუროს თვითონ აქვს ვენესუელაში ძალიან დიდი პრობლემები და როგორ აპირებს აფხაზეთის დახმარებას, ეგ ცალკე თემაა. მას ოპოზიცია აუჯანყდა და ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული შეტაკებები იმართება. ერთი, რაც მან შეიძლება გააკეთოს, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ლათინოამერიკული ქვეყნების გააქტიურებაა. მაგალითად, ბოლივია, ეკვადორი, ურუგვაი და სხვა სახელმწიფოები მაქვს მხედველობაში. ასევე, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ მადურომ გამოიყენოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა", - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა