ევრონესტის პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც  აღიარებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია

ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ბრიუსელში, თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებში“.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება განსაზღვრავს ევროკავშირის სტაბილურობას და უსაფრთხოებას და აფერხებს საერთო ინტერესების რეალიზაციას.

რეზოლუცია აღიარებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია, გმობს რუსეთის აგრესიას რეგიონში, მოუწოდებს ჯარების გაყვანის, აღიარების უკან წაღების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ.

მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში, გააძლიეროს პარტნიორებთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.

მათივე ცნობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებზე ასევე დამტკიცდა პარტნიორების მიერ, ერთობლივად მომზადებული ანგარიშები შემდეგ თემებზე:

უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;

ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;

არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო