ირაკლი ნოზაძის ძმა - ჩემმა ძმამ როცა გამოიღვიძა კონტაქტური იყო, გუშინდელთან შედარებით ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

დაჭრილი მომღერლის ირაკლი ნოზაძის ძმის დავით ნოზაძის განცხადებით, პირები, რომლებიც მისი ძმის დაჭრის ფაქტზე პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს, ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

როგორც დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებმა თავადაც დაკითხეს, თუმცა გამომძიებლებს ვერანაირი ხელშესახები ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგან არ იცის რატომ დაჭრეს მისი ძმა.

დავით ნოზაძის განმარტებით, ირაკლი ნოზაძე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ უნახავს და მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, არავინ არ არის დაკავებული. რა ვერსიაზე მუშაობს პოლიცია ზუსტად ვერ გეტყვით, ამბობენ მკვლელობის მცდელობაზე, თუმცა მოტივი ჩვენთვის უცნობია. მედიასივრცეში გაიჟღერა სახელმა და გვარმა, ვინ იყო ის პირი, ამის შესახებ არც სანათესაომ იცის და არც სამეგობრომ. საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს, პირველად მესმის. ჩემთვის ცნობილი არ არის მამაკაცი, ანუ მესამე პირი ფიგურირებდა თუ არა. არც ორ გოგონაზე ვიცი რამე. მთელი სანათესაო და სამეგობრო აქ ვიყავით და ვინმეს რომ კონფლიქტის შესახებ ეხსენებინა, არ ყოფილა ასეთი რამ. შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, ირაკლი სახლში მარტო იმყოფებოდა, დაუძახეს, ჩამოიყვანეს, ესეც მედიიდან და მეზობლებისგან ვიცი, ვინც შეესწრო იქ ვითარებას. მე გამომკითხეს და პოლიციას ვერანაირი ინფორმაცია ვერ მივაწოდე“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

მისივე თქმით, როგორც ექიმებმა განუმარტეს, დაჭრილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

"როცა გამოიღვიძა კონტაქტური იყო, მაგრამ ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება. მინდა გითხრათ, არანაირი ვერსია არ გვაქვს", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო