სოფიო კილაძე - სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროებში დასაქმებულებს შესაძლოა ფუნქციები შეეცვალოთ, მაგრამ სამსახურიდან არ გათავისუფლდებიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროებში დასაქმებული ადამიანები სამსახურიდან არ გათავისუფლდებიან.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროების ცვლილებების შედეგად შესაძლებელია დასაქმებულთა ფუნქციები შეიცვალოს, თუმცა მუშაობას განაგრძობენ.

"ბატონი მამუკა როდესაც საუბრობდა სამინისტროების შერწყმაზე და ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელებაზე, პირველი, რაც ვიკითხე იყო - იგეგმება თუ არა ადამიანების გათავისუფლება ამ მოდელის მიხედვით. მისი პასუხი იყო, რომ თითოეული ადამიანი შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს. ფუნქციები შესაძლებელია შეიცვალოს, მაგრამ ადამიანები არ გათავისუფლდებიან სამუშაო ადგილებიდან",- განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს