აუდიტის სამსახური - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევათა დიდი ნაწილი დაუსჯელი რჩება, დაბალია ჯარიმების ამოღების მაჩვენებელი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, არსებობს რისკი იმისა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევათა დიდი ნაწილი დაუსჯელი რჩება. ამასთან, დაბალია ჯარიმების ამოღების მაჩვენებელი.

ამის შესახებ ნათქვამია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს წარუდგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2016 წლის 1-ელი იანვრიდან - 2018 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდი. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, კერძოდ: - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მისი სტრუქტურული ერთეულები (თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოები), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები (მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტები), ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.

აუდიტის პროცესში ჩატარებული გამოკითხვით დასტურდება, რომ მძღოლებს ხშირად ან ძალიან ხშირად უწევთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუმცა იშვიათად ჯარიმდებიან.

“2016-2017 წლებში დაფიქსირებულმა 13 018 ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომლებზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები, 1 098 ადამიანის გარდაცვალება და 18 412-ის დაშავება გამოიწვია. აღნიშნული 13 018 ავტოსაგზაო შემთხვევიდან, 1 180 შემთხვევაში (1 232 ადამიანი დაშავდა, 22 გარდაიცვალა), კონკრეტული პირის ბრალეულობა ვერ დადგინდა“, - ნათქვამია სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ქვეყანაში საკმარისად ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა, რადგან რადარების რაოდენობა მცირეა და ხშირად მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება, თუ სექციური რადარები დროულად დამონტაჟდება და ამოქმედდება, ხოლო შესაბამისი თანამშრომლები სიჩქარის მზომი ხელსაწყოებით აღიჭურვებიან, განსაკუთრებით ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საპატრულო პოლიცია არ აკონტროლებს და არც რადარებით კონტროლდება.

ანგარიშის განხილვა პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიმდინარეობს.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს