ვახტანგ ძაბირაძე - სამინისტროების ასეთ დაშლას, მიერთებას და მექანიკურ გადაადგილებებს რაიმე ხელშესახები შედეგი არასდროს მოუტანია

ასეთ დაშლას, მიერთებას და მექანიკურ გადაადგილებებს რაიმე ხელშესახები შედეგი არასდროს მოუტანია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები შეაფასა.

მისი თქმით, სამინისტროების ამგვარი გადაადგილებებით, ხარჯები შემცირების ნაცვლად იზრდება ხოლმე.

„ასეთი ცვლილებები ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს. ეს სიახლე არ არის. ასეთ დაშლას, მიერთებას და მექანიკურ გადაადგილებებს რაიმე ხელშესახები შედეგი არასდროს მოუტანია, არცერთი მთავრობის ქვეშ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველა ხელისუფლებამ გადადგა ასეთი ნაბიჯი - გამსახურდიამ, შევარდნაძემ, სააკაშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამაც. შედეგი არსად არ მინახავს და აქ რატომ მოხდება რამე არაორდინალური, არ მესმის. ზოგადად, ასეთი გადაადგილებების შემდეგ, ხარჯები კი არ მცირდება, პირიქით, ხშირ შემთხვევაში იზრდება ხოლმე“,  - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც მიიღო, თუმცა შედეგი არც მას მოჰყოლია. მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველთვის ერთნაირია და ამავდროულად ყოველთვის უშედეგო.

„გვქონდა ჩვენ ასეთი რესტრუქტურიზაციის ვარიანტი, როდესაც სამინისტროებს სთხოვეს, რომ შეემცირებინათ ხარჯები და ყველა ინიციატივით გამოვიდა, ვინ რამდენს შემაცირებდა. ერთია განცხადებები, მაგრამ მერე რა თქმა უნდა, ყველაფერი ძველ კალაპოტში დაბრუნდა. ასე იქნება ახლაც. ყველა ასეთ ცვლილებას ზუსტად ეს განცხადებები ახლავს - შემცირდება ხარჯები, შემცირდება ბიუროკრატია, მთავრობა უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება. ერთსა და იმავე არგუმენტებს ასახელებენ, ერთნაირი განცხადებები კეთდება. იმავე „ქართული ოცნების“ პირობებში, გიორგი კვირიკაშვილმა მოახდინა სამინისტროების შეერთება. ვინმემ გვითხრა ამან რა შედეგი მოიტანა? და თუ იმან შედეგი არ მოიტანა, დღევანდელი რითია განსხვავებული და ეს რატომ მოიტანს შედეგს, ამას გვეტყვის ვინმე? არავინ არაფერს გვეტყვის იმიტომ, რომ არც არაფერი მოხდება,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს