ლადო მგალობლიშვილი - მინსკის ვიზიტის შედეგი - პირველი ერთობლივი კონფერენციაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ქობულეთში, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში - „ახალი ტალღა“ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, კონფერენცია სახელწოდებით - „ბელორუსიის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება და ახალი პროფესიული-სასწავლო პროგრამის დანერგვა უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციებში“, ლადო მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აჭარის დელეგაციის მინსკში ახლახანს განხორციელებული ვიზიტის პირველი შედეგია. მათივე ინფორმაციით, ბელორუსიაში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში გამართული ერთობლივი კონფერენციის მონაწილეები ბელორუსიის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთაშორისო პროექტებსა და გამოცდილებას გაეცნენ.

„საქართველოს შრომის უსაფრთხოების“ ახალ კანონზე, ქვეყანაში შრომის და, ზოგადად, სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებებსა და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე ბელორუსი სპეციალისტები კადრების გადამზადებაში დაგვეხმარებიან, შემდგომ ეტაპზე კი, ადგილობრივი სპეციალისტები, ბელორუს კოლეგებთან ერთად, ადგილზე შეიმუშავებენ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: მინსკში აჭარის დელეგაციის წევრები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის კერძო სექტორისა და პროფესიული განვითარების ექსპერტ-კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ირაკლი შურღულაია, გერმანელი ტრენერ-კონსულტანტი, ექსპერტი პროფესიული განათლების სისტემაში - სონია რუეტსი.

მათივე ცნობით, კონფერენციის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯების - „ახალი ტალღის“, „ბლექსისა“ და სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელებმა - ლაშა ხახუტაიშვილმა, გიორგი გოგიტიძემ და გიორგი მიქელაძემ მოაწერეს ხელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო