ირაკლი კოვზანაძე - პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მონიტორინგში სახელმწიფო აუდიტის როლი გადამწყვეტია

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ მესამე რეგიონულ კონფერენციაზე „ფული პოლიტიკაში“, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს 2012 წლიდან ახორციელებს. კომიტეტის თავმჯდომარემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების სახელმწიფო კონტროლი აღნიშნულ არჩევნებზე მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანად განხორციელდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც დაფიქსირდა.

“მიმდინარე წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით, ვინაიდან წინ საპრეზიდენტო არჩევნები გველის”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, მაგრამ, ამავე დროს, ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას მის საქმიანობაზე.

„პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი საქართველოს პარლამენტის ყურადღების განსაკუთრებული ობიექტია. ჩვენი კომიტეტი თვალყურს მიადევნებს აუდიტის სამსახურის საქმიანობას ამ მიმართულებით და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგები განვიხილოთ როგორც კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის, ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ორდღიანი რეგიონული კონფერენცია თემაზე - „ფული პოლიტიკაში“, ეუთოს „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის“, ევროპის საბჭოს, „დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის“, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოსა“ და „მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის“ თანაორგანიზებით იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა