„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში, დღეს, რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობა“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, „ფუძეობა“ მათი ადმინისტრაციის პროექტის CHECK IN GEORGIA-ს, „საქართველოს ბანკის“ გენერალური მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. ფუძეობა 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდება: სამცხე-ჯავახეთი - ბაკურიანი - 21 ივლისი, ზემო სვანეთი - მესტია - 29 ივლისი, მცხეთა-მთიანეთი -ყაზბეგი- 11 აგვისტო, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური - 27 აგვისტო, შიდა ქართლი - ნიქოზი - 29 სექტემბერი, სამეგრელო - ფოთი - 6 ოქტომბერი, გურია - ოზურგეთი - 12 ოქტომბერი, კახეთი - ყვარელი - 8 ნოემბერი.

„თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მაშტაბით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ფესტივალი საინტერესო იქნება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საფესტივალო ქალაქი. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში: სირბილი,მკლავჭიდი, ჭიდაობა. ფუძეობაზე მოსული სტუმრები შეძლებენ იხილონ რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშები. ისეთი, როგორიცაა: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა. მოეწყობა საბავშვო გასართობი კუთხე.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ნატვრის ხე „ფუძეობა“. აქტივობა სიმბოლურად გამოხატავს რეგიონიდან წასული ადამიანების ფუძეზე დაბრუნებას, რაც ემსახურება ფესტივალის სლოგანსა და მთავარ მოწოდებას „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“; ასევე, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ფოლკლორის ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი (ცეკვა, სიმღერა, მელექსეობა).

დასკვნით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, ანსამბლი „ერისიონი“, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „რუსთავი“, დავით არჩვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“. ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები: ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ბერიკების, მეზურნეების, მედუდუკეების, მედოლეების წარმოდგენები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო