პროკურორი ზვიად ფხაკაძე - სერგი კაპანაძის განცხადებები ჩემში გაურკვევლობას იწვევს

სერგი კაპანაძის გუშინდელი განცხადებები ჩემში გაურკვევლობას იწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, მარტივი ლოგიკაა, კომისიას ჯერ ჩემი გამოკითხვაც არ დაუსრულებია და კომისიამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო, წინასწარ გამოთქვა პოზიცია.

“რაც შეეხება მ.კ-ს პასუხისმგებლობის საკითხს, მე ცალსახად ვადასტურებ და ვაფიქსირებ, რომ კონკრეტული პირის თანამონაწილეობა როგორც თანააღმსრულებლად გამოძიების ან სასამართლო განხილვის სტადიაზე არ გამოკვეთილა. თუ რატომ აკეთებს ბატონი სერგი ასეთ განცხადებას, ვერ მოგახსენებთ. მარტივი ლოგიკაა, კომისიას ჯერ ჩემი გამოკითხვაც არ დაუსრულებია და კომისიამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო, ანუ წინასწარ გამოთქვა პოზიცია. მე ვერ შევაფასებ ბატონი სერგის გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემში გაურკვევლობას იწვევს. არ გამოკითხულა კომისიის მიერ კონფლიქტის მონაწილე პირები, საქმის გამომძიებლები, ექსპერტები, რომლებმაც შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. პირველი პირის გამოკითხვა, ანუ ჩემი გამოკითხვა არ არის დასრულებული და გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ისმის კითხვა, რა საჭიროა სხვა პირების გამოკითხვა თუ კომისიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება? რაც შეეხება თანამონაწილეობის ფორმებს, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. რამდენადაც ვიცი, კომისიის ყველა წევრი არ არის იურისტი. ის ადამიანი, რომელიც ანხორციელებდა დავით სარალიძეზე დაზიანებების მიყენებას, ის ვერ ხედავდა კალანდიას მოქმედებებს, ანუ მათ შორის საერთო განზრახვა და მიზანი ფაქტობრივად არ არის. თავად მ.კ. არა ცდილობდა დავით სარალიძისთვის დაზიანებების მიყენებას, არამედ მისი მიზანი იყო დაეშორებინა ან გაეშველებინა მოჩხუბარი მხარეები ერთმანეთისთვის“, - განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებებს კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს დაზიანებასთან დაკავშირებით საქმის გამოყოფაზე, მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„წარმოებაში არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოყოფილი იქნა ძირითადი ანუ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან. მკვლელობის საქმეში ვგულისხმობ იმ საქმეს, რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ხსენებული პირის დაზიანებასთან დაკავშირებით საჭირო და გადაუდებელი, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზები ტარდება“, - განაცხადა ფხაკაძემ.

როგორც გუშინ გამართული საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, დისკუსიის შემდეგ შეგროვდა უკვე საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

„აქამდე არსებული კითხვების და მათზე გაცემული პასუხების შედეგად გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვაპირებ, კომისიის სხდომაზე დავაყენო საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. განვითარებული დისკუსიიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ჩანს, რომ ეს გარემოებები გამოძიების დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის, მაგრამ ეს ნაბიჯი მათ არ გადაუდგამთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს