„ნენსკრა ჰესი“ - ენერგეტიკოსები მზარდი ენერგოდეფიციტის პირობებში ოპტიმალურ გამოსავლად ჰესების მშენებლობას მიიჩნევენ

ენერგეტიკოსები მზარდი ენერგოდეფიციტის პირობებში ოპტიმალურ გამოსავლად ჰესების მშენებლობას მიიჩნევენ, - ამის შესახებ „ნენსკრა ჰესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი - ზრდის, ხოლო ექსპორტი შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

„2010-2017 წლებში იმპორტი 575%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 55%-ით შემცირდა. იმპორტის უდიდესი წილი რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდის, შედარებით მცირე - სომხეთსა და თურქეთზე. ასეთია ბოლო წლების მაჩვენებლების ანალიზის შედეგები.

ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ სახელმწიფოებზე საგანგაშოდ იზრდება, რაც ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობაში აყენებს. კერძოდ, ზამთრის პერიოდში სტაბილური ენერგომომარაგება, მათ შორის, მეზობლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის იმპორტი ნიშნავს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას, არაპროგნოზირებად, მუდმივად მზარდ ფასებს. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა და ქვეყნის შიგნით გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის დაგვიანების ფონზე კი შესაძლებელია, საქართველოს იმპორტის გაზრდილი მოცულობების შემოტანა ტექნიკურადაც გაუჭირდეს. ამდენად, ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე „ცუდ“ გზად ითვლება.

სპეციალისტები მიანიშნებენ იმაზე, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მუდმივი ზრდის, დეფიციტისა და ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების ათვისების პრობლემის ფონზე საქართველოს საკუთარი ჰიდრორესურსების 80%-ზე მეტი გამოუყენებელი რჩება. შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად მათ სწორედ ამ ეკოლოგიურად სუფთა და იაფ ჰიდრორესურსებზე მომუშავე ახალი ობიექტების - ჰესების მშენებლობა მიაჩნიათ“, - ნათქვამია „ნენსკრა ჰესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ჰესების მშენებლობით შეგვიძლია, ენერგოდამოკიდებულების ხარისხი მაქსიმალურად შევამციროთ და, შესაბამისად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება გავზარდოთ.

„გარდა ამისა, ჰესების მშენებლობის გზით საქართველოს შეუძლია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებს შესთავაზოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი, სხვა ტრადიციულ ენერგორესურსებთან შედარებით, ეკოლოგიურად სუფთა და, ამავე დროს, განახლებადი ჰიდროელექტროენერგია.

ამასთანავე, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების სეზონურობის დაბალანსება შესაძლებელია მხოლოდ წყალსაცავიანი ჰესებით – ისეთით, როგორიც ამჟამად სვანეთში მშენებარე 280 მგვტ სიმძლავრის “ნენსკრა ჰესია”. მას წყალსაცავში წყლის შენახვა და დეფიციტის დროს, ანუ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მისი გამოყენება შეეძლება“, - ნათქვამია „ნენსკრა ჰესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში