თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის შესახებ წიგნის „მამა“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის შესახებ წიგნის „მამა“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, წიგნში შევიდა შვილების მოგონებები მამაზე, სიმღერა, რომელიც ზაქარია ფალიაშვილმა მიუძღვნა უნივერსიტეტის დამაარსებელს, სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან და პირადი წერილები. პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით ივანე ჯავახიშვილის შთამომავლებს, ვინც მხარს უჭერდა მას იმ იდეის განხორციელებაში, რასაც უნივერსიტეტის დაარსება ჰქვია. ეს წიგნი არის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული გამოცემა, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მეუფე შიომ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა მისი პაპის გრიგოლ ქურდიანის უნივერსიტეტის მხარდამჭერი წერილი ნიკო კეცხოველისადმი და ივანე ჯავახიშვილის მადლობის წერილი გრიგოლ ქურდიანისადმი.

„ივანე ჯავახიშვილი მამა იყო არა მარტო ხორციელი შვილებისთვის, არამედ მან ჩვენი ერისთვის ნამდვილად მამობრივი ღვაწლი გასწია. ჩემი დიდი პაპა - გიგო და მისი ძმა - სოლომონ ქურდიანები იყვნენ პირველი თაობის პროფესორთა შორის. იმ დროს, თავად-აზნაურთა და მეცნიერთა შორის ბევრი უნივერსიტეტის დაარსების წინააღმდეგი იყო. ჩემი დიდი პაპა მხარს უჭერდა უნივერსიტეტის იდეას. უნივერსიტეტმა გადაარჩინა ჩვენი სულიერი ღირებულებები საბჭოთა პერიოდში. ასეთ გამოცემებს ერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

წიგნის ერთ-ერთი შემდგენელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, წიგნზე მუშაობა დაიწყო ათეული წლების წინ, როდესაც ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი დალი გერსამია უნივერსიტეტის მუზეუმში მუშაობდა.

„მან მოიტანა დედამისის ნათელა ჯავახიშვილის ჩანაწერები, მოგონებები მამაზე და იქიდან მოყოლებული ვფიქრობდით, რომ ეს წიგნი გამოგვეცა. დავუმატეთ ივანე ჯავახიშვილის ვაჟის ალექსანდრე ჯავახიშვილის მოგონებები. ძალიან საინტერესო გამოცემა გამოვიდა. ამ წიგნს ახლავს კომპაქტდისკი (CD) - წიგნის აუდიოვერსია და ამავე დროს, ჩაწერილია ზაქარია ფალიაშვილის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც მან მიუძღვნა ივანე ჯავახიშვილს. სპეციალურად ამ გამოცემისთვის სიმღერა ჩაწერა ოპერის ცნობილმა მომღერალმა ქეთევან ქემოკლიძემ თათა ლიჩელის აკომპანირებით“, - განაცხადა გაიპარაშვილმა.

წიგნი, რომლის ავტორები ზურაბ გაიპარაშვილი და მეკო გოჩიაშვილი არიან, ორენოვანია (ქართული და ინგლისური) და მისი გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს