ზაზა სარალიძე - ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე

პროკურორ ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

სარალიძე ადასტურებს, რომ ზვიად ფხაკაძეს ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მაშინ, როცა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორს უსმენდნენ.

ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის მამის განმარტებით, შეამჩნია რომ პროკურორი მ.კ-ს ხელს აფარებდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

„ისევ კალანდიასთვის ხელის დაფარება რომ დაიწყო, მივწერე, კიდევ კალანდიას აფარებ ხელს-მეთქი?! სად არის ჩემი შვილის მკვლელი-მეთქი და შევაგინე. თუ უნდა გაასაჯაროოს, რაც მივწერე. რას მაგინებინებს თავს. რომ ამბობს, კომისიის დახურულ სხდომაზე გავასაჯაროებო, რისი ეშინია?! გაასაჯაროოს, მე არაფრის მრცხვენია. მე მაგას არ დავმუქრებივარ, უბრალოდ ვაგინე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, როდესაც ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევდა, ზაზა სარალიძის მხრიდან მის მობილურ ტელეფონში მუქარის შემცველი შეტყობინება შევიდა.