თბილისის ისტორიის მუზეუმში არქიტექტურული გამოფენა „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები“ გაიხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი 27 ივნისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში არქიტექტურულ გამოფენას „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები"- გახსნის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების 200 წლის იუბილეს ეძღვნება.

მათი ინფორმაციით, თემატური გამოფენა თავს უყრის თითქმის საუკუნოვან არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოსა და გერმანიაში ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინება არქიტექტორების ორი განსხვავებული ოჯახის - ქურდიანებისა და ბიომების - საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო არქიტექტურის ნიმუშები.

„არქიტექტურის ფოტოგრაფიასთან ერთად, დამთვალიერებელი ნახავს ოჯახების მდიდარ საარქივო, სამუზეუმო და საავტორო ფოტომასალას. ასევე, შენობა-ნაგებობების საარქივო ნახაზებს - მათ შორის, თბილისის ეროვნული სტადიონის არქიტექტურულ მოდელს; ფილმებს ბიომებზე; ბოლო წლების გერმანულ არქიტექტურულ გამოცემებს; ფრანკფურტის არქიტექტურის მუზეუმიდან ბიომების არქივს და ბევრ სხვა მასალას. ეს შენობები დღეს როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ნაგებობებია და ქვეყნის იერსახის, მისი იდენტობის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. ამ შენობათა მაგალითზე წარმოდგენილია ყველა ის ეპოქა, რომელიც ორმა ქვეყანამ და ორივე ოჯახმა პარალელურად, თუმცა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვლო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეროვნული მუზეუმის ცნობით, ბიომების ოჯახის უხუცესი, 98 წლის გოტფრიდ ბიომი ერთადერთი გერმანელი არქიტექტორია, რომელიც უმაღლეს არქიტექტურულ ჯილდოს „პრიცკერის პრემიას" ფლობს. სწორედ ამ გამოფენის გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან სპეციალურად ჩამოვლენ გოთფრიდ ბიომის ვაჟიშვილები - არქიტექტორები შტეფან ბიომი, პეტერ ბიომი და პაულ ბიომი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი არქიტექტორები: დომინიკუს ბიომი (1880-1955), გოტფრიდ ბიომი, ელიზაბეტ ბიომი (1921-2012), შტეფან ბიომი, პეტერ ბიომი, პაულ ბიომი, გრიგოლ ქურდიანი (1873-1957), არჩილ ქურდიანი (1903-1988), ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი (1905-1988), გია ქურდიანი (1932-2014), არჩილ ქურდიანი და გიორგი ქურდიანი.

გამოფენის ავტორი და კურატორია ირინა ქურთიშვილი (კიოლნი).

გამოფენა 27 ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა